ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში „ლივერპულმა“ „მანჩესტერ სიტის“ გასვლაზე მოუგო და „არსენალთან“ უპირატესობა გაზარდა.
პრემიერლიგაში პეპ გვარდიოლას „ლივერპულთან“ შინ არასდროს წაეგო, მაგრამ მიმდინარე სეზონში პეპის ბევრი სერია შეწყდა, მათ შორის, ესეც. „ლივერპულმა“ ძალიან ადვილად მოიგო, პირველივე ტაიმში მოჰამედ სალაჰმა და დომინიკ შობოშლაიმ გაიტანეს.
მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 41 გოლში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთია, ვინც ორ სეზონში შეძლო 40-ზე მეტ გოლში მონაწილეობის მიღება. 2017-2018 წლების სეზონში 32 გოლით და 10 პასით გამოირჩა, ახლა 25 გოლი 16 პასი აქვს, წინ კიდევ 12 ტურია და ცხადია, შედეგს გააუმჯობესებს.
„ლივერპული“ უკვე 11 ქულით უსწრებს „არსენალს“, თამაშით მეტი კი აქვს ჩატარებული, მაგრამ ეს „მეთოფეებისთვის“ ბევრი ვერაფერი ნუგეშია.
„მანჩესტერ სიტი“ 44 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს „ნიუკასლთან“ ერთად იყოფს. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა პრემიერლიგაში ჩემპიონობისგან განსხვავებით ძალიან დაძაბულია.
„მანჩესტერ სიტი“ – „ლივერპული“ 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 სალაჰი (14), 0:2 შობოშლაი (37)