ფეხბურთი

17:28 | 23.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" დამარცხდა და "ინტერთან" მატჩამდე ლიდერობა დაკარგა (+VIDEO)
"ნაპოლიმ" 8 დეკემბრის შემდეგ პირველად წააგო, ბოლო 4 ტურია კი არ მოუგია

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლი“ დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა. ანტონიო კონტეს გუნდს 26 იანვრის შემდეგ არ მოუგია, წინა სამ ტურში ფრე ითამაშა, ახლა სულაც უქულოდ დარჩა.

„აძური“ „კომოსთან“ დამარცხდა - 1:2. მეშვიდე წუთზე ანგარიში კურიოზული ავტოგოლით გაიხსნა, რომელიც ამირ რაჰმანიმ გაიტანა. კოსოვოელმა მცველმა მეკარეს ბურთი ისე დაუბრუნა, არც გაუხედავს სად იდგა ალექს მერეტი და ბურთი კარში აღმოჩნდა. 10 წუთში ნეაპოლელებმა ჯაკომო რასპადორის გოლით გაათანაბრეს და მოგებას იმედოვნებდნენ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს.

77-ე წუთზე „კომოს“ ამომავალი ვარსკვლავების კომბინაცია გოლით დასრულდა: ნიკო პაცის შემდეგ ასანე დიაომ გაიტანა და სესკ ფაბრეგასის გუნდმა მოიგო.

„ნაპოლიმ“ სერია A-ში 8 დეკემბრის შემდეგ პირველად წააგო და 10-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა, ხოლო ბოლო 4 ტურში არ მოუგია (3 ფრე, 1 წაგება).

შედეგად, „ნაპოლი“ 56 ქულით მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა და 1 ქულით ჩამორჩა „ინტერს“, რომელსაც მომდევნო ტურში, პირველ მარტს, ნეაპოლში უმასპინძლებს. ასე რომ, წინ შეიძლება ითქვას, საჩემპიონო მატჩია.

„კომო“ – „ნაპოლი“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 რაჰმანი (7. ა.გ), 1:1 რასპადორი (17), 2:1 დიაო (77)

0.125131