„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა „ანჟერთან“ მატჩში (3:3) ზურიკო დავითაშვილის სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვებაზე კომენტარი გააკეთა.
ნორვეგიელმა სპეციალისტმა ზურიკო მხოლოდ მეორე ტაიმში ათამაშა და ქართველმაც ამ დროში ორი საგოლე პასის გაკეთება მოასწრო. მატჩის შემდეგ ჰორნელანს თავისი გადაწყვეტილების განმარტება მოუწია:
„ზოგიერთ ფეხბურთელებზე ზეწოლა უნდა მოვხსნათ. ბოლო კვირების განმავლობაში ზურიკო დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, ვიგრძენი, რომ მას ეს ემოცია ცოტა აწუხებდა. ამიტომ, მინდოდა, მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსვლით მისთვის ახალი ენერგია მიმეცა“, - თქვა ჰორნელანმა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ამ სეზონში „ანჟერთან“ შედეგიანი მატჩები ჰქონდა: ახლა ორი საგოლე პასი მიითვალა, ხოლო პირველ წრეში ორი გოლი გაუტანა. ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„სენტ ეტიენი“ 23 ტურის შემდეგ 19 ქულით პლეი-აუტის ზონაში, მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, „ნიცას“ უმასპინძლებს.