დანიასთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სერბეთში, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩის სათამაშოდ გაემგზავრა. სატურნირო თვალსაზრისით სრულიად უმნიშვნელო მატჩის სათამაშოდ ალეკსანდარ ჯიკიჩმა გადახალისებული შემადგენლობა წაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ნაკრებმა დანიის დამარცხებით ევრობასკეტის საგზური მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა თამაშის წინა დღეს დაშავებული ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის გარეშე სძლია გადამწყვეტი მატჩისთვის საგანგებოდ გაძლიერებულ მეტოქეს, რითაც ჯგუფში ევრობასკეტზე გამსვლელი მე-2 ადგილი გაინაღდა. ჩვენი ჯგუფის პარალელურ მატჩში სერბეთს ფინეთთან რომ წაეგო, ბოლო ტურს თეორიულად ცხრილში ცვლილებების შეტანის შანსი ექნებოდა, თუმცა საქართველოს მომავალმა მეტოქემ გაიმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
შესაბამისად, 24 თებერვალს, ბელგრადში გასამართ სერბეთ-საქართველოს მატჩში რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს, ეს ამ გუნდების საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს – ნებისმიერი რეზულტატის შემთხვევაში სერბეთი ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, საქართველო კი – მეორეს.
ახალგაზრდებისა და სათადარიგოების გამოსაცდელად ამაზე უკეთეს საშუალებას ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვერც ინატრებდა. ოფიციალური მატჩი სერბეთთან, რომელშიც შედეგს მნიშვნელობა არ აქვს – ჯიკიჩმა ნაკრების ვეტერან ლიდერებს – გიორგი შერმადინსა და თორნიკე შენგელიას დასვენების საშუალება მისცა. კამარ ბოლდუინი ისედაც დაშავებული იყო და მწვრთნელმა თავის სამშობლოში სათამაშოდ ხსენებულ კალათბურთელებს ეს ტრიო ჩაანაცვლა – ლუკა ლიკლიკაძე, ნაკრების დებიუტანტი სანდრო სანაძე და გამოცდილი ილია ლონდარიძე.
საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით სერბეთში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა. ჯიკიჩის გუნდი Crown Plaza-ში დაბინავდა და პირველ ვარჯიშს ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში დღეს გამართავს.
GBF.GE