„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ „ტორინოსთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, სასაცილო გოლებს უშვებენ და ტიფოზები მართლები არიან, რომლებიც გუნდს და ფეხბურთელებს აკრიტიკებენ:
„ვწუხვარ ჩვენი გულშემატკივრების გამო, რომლებიც სტადიონზე იყვნენ. ბოლო 15 გოლი, რომელიც გავუშვით, შეცდომების შედეგია, ეს არ არის სტრატეგიის ან შემადგენლობის საკითხი. ვფიქრობ, რომ მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელი „ტორინოს“ მეკარე იყო, წარმოუდგენელი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. გარდა ამისა, ასეთი სასაცილო გოლების გაშვება ნებისმიერი გუნდისთვის პრობლემა იქნებოდა. საცირკო შეცდომებს ვუშვებთ. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ მეოთხე ადგილზე გასასვლელად, დღე და ღამე ვიმუშავებთ, ამის მისაღწევად, გარანტიას გაძლევთ.
ლეაუს შეცვლა შესვენებაზე? ნაწილობრივ ტექნიკური არჩევანი იყო, ნაწილობრივ ფიზიკური მდგომარეობის, დავინახე, რომ არ იყო საუკეთესო კონდიციაში და ასე გადავწყვიტე. სხვა ფეხბურთელებიც მყავს და ყველა მნიშვნელოვანია.
გულშემატკივრები მართლები არიან, ცხადია, რომ ისეთი ისტორიული გუნდისგან, როგორიც „მილანია“, მოლოდინი ყოველთვის მაღალია და ჩვენ ამ კლუბს წარმოვადგენთ“, - თქვა კონსეისაომ.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ ჩემპიონთა ლიგიდან 1/16-ფინალში გავარდა, ხოლო სერია A-ში 41 ქულით მხოლოდ მე-7 ადგილზეა.