ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსია“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდა და 3-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
„ვალენსია“ დაცვაში საშინლად თამაშობდა და პირველივე ტაიმში ხულიან ალვარესმა დუბლი შეასრულა. ამ გოლებში გიორგი მამარდაშვილი სრულიად უდანაშაულო იყო. მატჩის მიწურულს საბოლოო ანგარიში ანხელ კორეამ დააფიქსირა და ქართველ მეკარეს აქ, ალბათ, უკეთ გარჯა მართებდა.
„ღამურებს“ საგოლე მომენტები ჰქონდათ, განსაკუთრებით 0:2-ზე, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენეს.
„ვალენსია“ 25 ტურში მოპოვებული 23 ქულით მე-18 ადგილზე, გასავარდნ ზონაშია, ხოლო მომდევნო შეხვედრას 2 მარტს, სტუმრად „ოსასუნასთან“ გამართავს.