საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში „სენტ ეტიენი“ „ანჟერს“ დაუპირისპირდა და დრამატულ მატჩში დაუზავდა (3:3), ხოლო ზურიკო დავითაშვილმა ორი საგოლე პასი მიითვალა.
ქართველი არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან გამოჩნდა. „ანჟერი“ მე-17 წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდა, ამის შემდეგ უკვე „სენტ ეტიენმა“ დაქამბექება მოახერხა. ირვინ კარდონამ პირველი ტაიმის მიწურულს შეამცირა სხვაობა, ხოლო 52-ე წუთზე პიერ ეკვამ გაათანაბრა, რომელმაც დავითაშვილის პასის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებიდან გაიტანა.
74-ე წუთზე ზურიკომ მეორე საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, ამჯერად, ახლო მანძილიდან კარდონას გაატანინა, რომელმაც დუბლი შეასრულა. „სენტ ეტიენი“ ძალიან ახლოს იყო უმნიშვნელოვანეს და ნანატრ მოგებასთან, მაგრამ 94-ე წუთზე პენალტიდან მესამე გოლი გაუშვა და ქულას დასჯერდა- 3:3.
ზურიკო დავითაშვილს ამ სეზონში „ანჟერთან“ შედეგიანი მატჩები ჰქონდა: ახლა ორი საგოლე პასი მიითვალა, ხოლო პირველ წრეში ორი გოლი გაუტანა. ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„სენტ ეტიენი“ 23 ტურის შემდეგ 19 ქულით პლეი-აუტის ზონაში, მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, „ნიცას“ უმასპინძლებს.