„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლიონთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
ესპანელ სპეციალისტს ჰკითხეს, ბრედლი ბარკოლას პროგრესის შესახებ და უკავშირდება თუ არა, ეს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს, რომლის მოსვლით ბარკოლამ კონკურენცია იგრძნო.
„კვარას ტრანსფერის მიზანი ჩვენი გუნდის გაძლიერება იყო. პსჟ-ში ძირითადში მოხვედრა ძალიან რთულია. ყველა ფეხბურთელი ერთმანეთს აძლიერებს, ყველა ეჯიბრება ერთმანეთს. ბრედლი ძალიან კარგი იყო გასული სეზონის მეორე ნახევარშიც და ძალიან დიდი მომავალი აქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ახალგაზრდაა. ის შეესაბამება ჩვენს სტილს, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ჩვენი მიზანია, განაგრძოს პროგრესი, ისევე, როგორც გუნდის ყველა სხვა ფეხბურთელმა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს უნდა მიეცეთ სივრცე, რომ გაიზარდონ“, - აღნიშნა ესპანელმა.
ლუის ენრიკეს კომენტარი „ლივერპულის“ შესახებაც სთხოვეს, რომელთანაც თამაში პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მოუწევს.
„ვფიქრობ, ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო „ლივერპულს“ დავუპირისპირდებით. ეს იქნება საინტერესო და შესანიშნავი მატჩები, ორი ძალიან მაღალი დონის გუნდი შეხვდება ერთმანეთს, რაც სასიამოვნო გამოწვევაა. ჩემპიონთა ლიგის ყველა ეტაპზე საინტერესო მატჩებია, მაგალითად, „სიტი“ – „რეალი“ შეიძლებოდა ფინალიც ყოფილიყო. ჩვენ და „ლივერპული“ მსგავსი პროფილის გუნდები ვართ. საკმაოდ თანაბარი დაპირისპირება იქნება, „ლივერპული“ ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, მაგრამ ჩვენც. შანსი 50%-50%-ზეა“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „ლიონისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.