საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა ერთა ლიგის C დივიზიონში ანდორასთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ფეხბურთელებმა მტკიცე ხასიათი გამოავლინეს.
„ანდორა თავს კარგად იცავდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და პირველ ტაიმშიც შეგვეძლო თამაშის დასრულება. ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ეს გამოცდილებაა, ზოგჯერ ჩვენ გვიწევს დაცვიდან თამაში, ზოგჯერ კი, უფრო შემტევები უნდა ვიყოთ და დაცვაში მყოფი გუნდების წინააღმდეგ ვითამაშოთ. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს, როდესაც გაშვებული გოლის შემდეგ ორი გოლი გავიტანეთ.
იგივე გავაკეთეთ ლუქსემბურგთან, ასე რომ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთება ბოლოჯერ მოგვიწია და მომავალში პირველები ჩვენ გავიტანთ, გამარჯვების მოპოვებას გაგვიმარტივებს. ყველა თამაში განსხვავებულია. კვიპროსი დამარცხებული გვყავს, თუმცა მათ ახალი მწვრთნელი და ახალი ფეხბურთელები ჰყავთ. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ ვიმედოვნებთ, მიზანს მივაღწევთ და მოვიგებთ“, - თქვა ანტმანმა.
საქართველოს ნაკრებს ერთი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს, მომდევნო მატჩს კი, 25 თებერვალს, სტუმრად კვიპროსთან გამართავს.