საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
დანიასთან გადამწყვეტი მატჩის მოგების (62:60) შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა კომენტარი გააკეთეს:
დუდა სანაძე: „რა თქმა უნდა, ემოციების გამოხატვა ძნელია, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩემი ორქულიანი იყო გადამწყვეტი. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამაში, ბოლოს გავიგეთ, რომ კამარ ბოლდუინი ვერ ითამაშებდა, ამიტომ, სწრაფად მოგვიწია გადაწყობა. ძალიან რთული თამაში იყო, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად. მადლობა გულშემატკივარს, ასე რომ ვთქვათ, მათ მოიგეს ეს თამაში და საქართველომ დაიმსახურა ეს ყველაფერი“.
თორნიკე შენგელია: „ბოლოს დაღლილობის მიუხედავად ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, ბურთი ჩავარდებოდა თუ არა, დაცვაშიც ბოლომდე ვიბრძოდით, შეტევაშიც ასე თუ ისე თავდაჯერებული ვიყავით. გულშემატკივრის ფაქტორი ძალიან დაგვეხმარა, მინდა მათ დიდი მადლობა ვუთხრა. ძალიან გახარებული და ძალიან ამაყი ვარ ჩემი გუნდით“.
გიორგი ოჩხიკიძე: „მადლობა ყველას, ვინც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა. მათი ლიდერები გავანეიტრალეთ, დაცვაში კარგად ვითამაშეთ და ჩემი აზრით, სწორედ დაცვა იყო გარდამტეხი ფაქტორი. პირველ ტაიმში მხოლოდ 25 ქულა მივიღეთ და ასეთ მატჩებში ეს ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია. მზად ვიყავი თამაშისთვის, იმედი მაქვს, რომ კამარ ბოლდუინი ევროპის ჩემპიონატზე დაგვეხმარება და ჩვენთან ერთად იქნება“.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში 3 მოგებით და 2 წაგებით მეორე ადგილზეა, რაც საკმარისი ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. ბოლო ტურში ჯიკიჩის გუნდი 24 თებერვალს, სტუმრად სერბეთს შეხვდება, ამ მატჩს ფორმალური ხასიათი ექნება.
ევრობასკეტი ოთხ ქვეყანაში, ლატვიაში, პოლონეთში, კვიპროსსა და ფინეთში 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე გაიმართება. წილისყრა მოგვიანებით ჩატარდება და გაირკვევა საქართველოს ნაკრების მეტოქეები და ქვეყანაც, სადაც ითამაშებს.