საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მეექვსედ ევროპის ჩემპიონატზე გავიდა!
ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში, გადამწყვეტ მატჩში დანიის ნაკრები ძალიან დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში, 62:60 აჯობა და ბოლო ტურის წინ ფინალურ ეტაპზე გასვლა გაინაღდა.
საქართველოს ნაკრებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა, რითაც მოიპოვებდა ფინალური ეტაპის საგზურს, ხოლო მარცხის შემთხვევაში შანსს არ კარგავდა, მაგრამ მხოლოდ თეორიულად.
ჯიკიჩის გუნდს მატჩის წინ კამარ ბოლდუინი გამოაკლდა, რაც უდიდესი დანაკლისი იყო. ამის მიუხედავად, ნაკრებმა მოახერხა პრინციპულ შეხვედრაში გამარჯვება.
ოთხიდან სამი პერიოდი დანიამ მოიგო, მაგრამ მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს მხოლოდ 4(!) ქულა ჩააგდებინა, ათწუთეული 18:4 მოიგო და ეს სხვაობა საბოლოოდ, ეყო გასამარჯვებლად.
ბოლო წამამდე არაფერი იყო გადაწყვეტილი. შეხვედრის დასრულებამდე 6.1 წამით ადრე დუდა სანაძემ ჩააგდო ორქულიანი, რითაც წინ გაიყვანა თავისი გუნდი 62:60. დანიას 6 წამი ჰქონდა შეტევისთვის, მაგრამ სამქულიანი ვერ ჩააგდეს სტუმრებმა და შეხვედრაც დასრულდა.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 35 წუთში 19 ქულა, 13 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. დუდა სანაძის აქტივში 16 ქულა იყო, ბექა ბურჯანაძემ და რატი ანდრონიკაშვილმა 6-6, გიორგი შერმადინმა და ალექსანდრე ფევაძემ 4-4, გიორგი ოჩხიკიძემ 5, ხოლო კახა ჯინჭარაძემ 2 ქულა დააგროვა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში 3 მოგებით და 2 წაგებით მეორე ადგილზეა, რაც საკმარისი ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. ბოლო ტურში ჯიკიჩის გუნდი 24 თებერვალს, სტუმრად სერბეთს შეხვდება, ამ მატჩს ფორმალური ხასიათი ექნება.
ევრობასკეტი ოთხ ქვეყანაში, ლატვიაში, პოლონეთში, კვიპროსსა და ფინეთში 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე გაიმართება. წილისყრა მოგვიანებით ჩატარდება და გაირკვევა საქართველოს ნაკრების მეტოქეები და ქვეყანაც, სადაც ითამაშებს.
საქართველო - დანია 62:60 (19:21, 18:4, 11:20, 14:15)