ფეხბურთი

16:59 | 21.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: "პსჟ-თან დაპირისპირება გამოწვევაა, რომელსაც მოუთმენლად ველი"

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგად ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენი" მერვედფინალში "ლივერპულს" დაუპირისპირდება. აღნიშნულ დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა "მერსესაიდელთა" მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა.

„შეჯიბრის ამ ეტაპზე ყველა მეტოქის ხარისხი ძალიან მაღალია და პსჟ ნამდვილად ძლიერი კლუბია. მათ მერვედფინალში გასვლა „ბრესტის“ წინააღმდეგ დიდი გამარჯვებით მოახერხეს და ლიგის ფაზაშიც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს: დაამარცხეს „შტუტგარტი“, „მანჩესტერ სიტი“, „ჟირონა“ და „ზალცბურგი“.

როგორც ჩვენს შემთხვევაში, ისინიც თავიანთ ჩემპიონატში ლიდერები არიან, დიდი ხნის დაუმარცხებელი სერიით და ეს გვეუბნება ყველაფერს, რაც უნდა ვიცოდეთ ამ მატჩების შესახებ. ეს არის გამოწვევა, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით, რადგან ვიცით, რომ მერვედფინალში ჩვენც სრულიად დამსახურებულად ვართ.

რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღება ახლა პრემიერლიგის მომავალ მატჩებზე და პირველ რიგში, „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაზეა გამახვილებული, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის განახლებისთვის საუკეთესო ფორმაში ვიყოთ“, - თქვა არნე სლოტმა.

ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები 4-5 მარტს, ხოლო საპასუხო 11-12 მარტს გაიმართება. მეოთხედფინალები 8-9 და 15-16 აპრილს, ნახევარფინალები 29-30 აპრილს და 6-7 მაისს ჩატარდება, ხოლო ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ შედგება.

"პარი სენ-ჟერმენმა" "ლივერპული" 1996-1997 წლების სეზონში თასების თასის ნახევარფინალში ორმატჩიან დუელში 3:2 დაამარცხა, როცა შინ 3:0 მოიგო, სტუმრად კი, 0:2 წააგო. გარდა ამისა, ეს გუნდები 2018-2019 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ და მაშინაც, გუნდებმა თავიანთ სტადიონებზე მოიგეს: "ლივერპულმა" "ენფილდზე" 3:2, ხოლო პსჟ-მ "პარკ დე პრენსზე" 2:1.

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი 2022 წელს სწორედ "ლივერპულის" წინააღმდეგ ჰქონდა. მაშინ "ნაპოლიმ" 4:1 მოიგო, ქართველმა ბრწყინვალედ ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა, ხოლო "ენფილდზე" გამარჯვება "ლივერპულმა" მოიპოვა (2:0) და კვარა მაშინაც მოედანზე იყო.

0.128136