კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
„ჰაიდენჰაიმმა“ ერთი კვირის წინ სტუმრად 2:1 მოიგო, მაგრამ ეს უპირატესობა შინ გაანიავა. გერმანულ გუნდს უმძიმესი სეზონი აქვს ბუნდესლიგაში და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ძალიან ცუდ ფორმაშია.
„კოპენჰაგენი“ პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდა, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე გოჩოლეიშვილი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, სადაც წააქციეს და პენალტი მოიპოვა, რომელიც კევინ დიკსმა გაიტანა. მასპინძლებმა 74-ე წუთზე ლეო შიენცას გოლით შეამცირეს სხვაობა და ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინეს. ძირითადი დრო ასეც დასრულდა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. 114-ე წუთზე როდრიგო უესკასმა მესამედ დაამწუხრა „ჰაიდენჰაიმი“ – 1:3.
გიორგი გოჩოლეიშვილმა მოედანზე 105 წუთი გაატარა, ხოლო ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა. მას ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უგოლოდაა ახალ გუნდში, რომელსაც მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა.
„ჰაიდენჰაიმი“ ახლა მთელ აქცენტს ბუნდესლიგაზე გააკეთებს, ხოლო „კოპენჰაგენი“ მეტოქის ვინაობას 21 თებერვალს, წილისყრის შედეგად შეიტყობს.