2005 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა, ბრაზილიელმა რონალდინიომ, რომელიც მანამდე „ბარსელონასა“ და სხვა კლუბებში თამაშობდა, მაიამის „ინტერის" არგენტინელ თავდამსხმელ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
„არის დიეგო მარადონა, პელე, რონალდო. ამიტომ მიჭირს იმის თქმა, რომ მესი საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში. მხოლოდ შემიძლია დავსძინო, რომ ის თავისი ეპოქის საუკეთესო ფეხბურთელია", - ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს Give me Sport.
ლიონელ მესის და რონალდინიოს მეგობრობა „ბარსელონაში“ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. რონალდინიო, როგორც გუნდის ვარსკვლავი, ახალგაზრდა მესის ერთგვარი მენტორი გახდა. ბრაზილიელი მხარს უჭერდა მას მოედანზე და მის მიღმა, უჩვენებდა პროფესიონლიზმის მაგალითს. მათი პარტნიორობა დაეხმარა „ბარსელონას“ ტიტულების მოპოვებაში და როგორც თავად არგენტინელმა თქვა, რონალდინიოს წყალობით, მან უკეთ შეძლო თავისი პოტენციალის გამოვლენა.
რონალდინიო ყოველთვის აღფრთოვანებული იყო მესის ნიჭით, ლიონელმა კი, თავის მხრივ, თქვა, რომ ბრაზილიელი მისთვის მნიშვნელოვანი მაგალითი გახდა. მას შემდეგ, რაც რონალდინიომ კლუბი დატოვა, მესიმ კარიერა „ბარსაში“ განაგრძო და ლეგენდად იქცა, მაგრამ მათ შორის თბილი ურთიერთობა დღემდე შენარჩუნებულია.