მადრიდის „რეალის" ყოფილი დამრიგებელი, ზინედინ ზიდანი დიდიე დეშამის წასვლის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობის მთავარი პრეტენდენტია.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ზიდანი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან პირად კონტრაქტთან დაკავშირებით.
ზიდანს ექნება კონტრაქტი, რომელიც არ აკონკრეტებს დასრულების თარიღს. ეს ნიშნავს, რომ ზინედინს შეეძლება დარჩეს ეროვნული ნაკრების სათავეში რამდენ ხანსაც მოისურვებს. ეს არის შემოთავაზება, რომელსაც ზიდანი მას შემდეგ ელოდება, რაც მადრიდის „რეალი" 2021 წლის ზაფხულში დატოვა.
მას ასევე შეეძლება გააგრძელოს ცხოვრება მადრიდში, სადაც ის ორიენტირებულია შვილების კარიერაზე და საკუთარ სპორტულ სკოლაზე, Zidane Five Club-ზე.
მწვრთნელის რანგში მან სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.
შეგახსენებთ, რომ 56 წლის დეშამმა დაადასტურა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეროვნულ გუნდს დატოვებს.