ფეხბურთი

21:01 | 19.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკმანმა გასპერინის უპასუხა: "ღრმა უპატივცემულობას ვგრძნობ"

ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელმა ადემოლა ლუკმანმა მთავარი მწვრთნელის, ჯან პიერო გასპერინის კომენტარს უპასუხა.

„ბრიუგესთან“ მატჩის შემდეგ გასპერინიმ თქვა, რომ ლუკმანს პენალტი არ უნდა დაერტყა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პენალტისტია, ვინც ოდესმე უნახავს. ნიგერიელი ამ განცხადების გამო შეურაცხყოფილი დარჩა და მწვრთნელს უპასუხა:

„სამწუხაროა, რომ ასეთ დღეს მიწევს ამ განცხადების დაწერა, განსაკუთრებით იმის გამო, რასაც ერთად მივაღწიეთ, როგორც გუნდმა და ქალაქმა. არა მხოლოდ მტკივა, არამედ, ღრმა უპატივცემულობას ვგრძნობ, განსაკუთრებით იმ დიდი შრომისა და ერთგულების გამო, რომელსაც ყოველდღიურად ვდებდი კლუბისა და გულშემატკივრებისთვის წარმატების მისაღწევად.

ბერგამოში ბევრი რთული მომენტი მქონდა, რომელთა უმეტესობაზე არასდროს არაფერი მითქვამს, რადგან ჩემი აზრით, გუნდი ყოველთვის მთავარი უნდა იყოს. ეს კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის წუხელ, რაც მოხდა. ჩვენც გვაწუხებს შედეგი. მატჩის დროს მითხრეს, რომ პენალტი დამერტყა და მეც ავიღე ეს პასუხისმგებლობა. ცხოვრება სავსეა გამოწვევებით და ტკივილის დაძლევით, ასე გავაგრძელებ“, - დაწერა ლუკმანმა.

შეგახსენებთ, რომ ადემოლა ლუკმანი „ატალანტაში“ 2022 წელს გადავიდა და გუნდის ლიდერია, მაგრამ მწვრთნელთან შექმნილი სიტუაციის გამო დიდი შანსია, ზაფხულში იტალიური გუნდი დატოვოს.

0.119259