კალათბურთი

23:22 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის ცსკა კრასნოდარში დამარცხდა

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვთბ-ლიგაზე პირველი მარცხი განიცადა. სტურნირის სადებიუტო მატჩში ფინური “ბიზონსის“ განადგურების შემდეგ, “არმიელები” კრასნოდარში ჩავიდნენ და ადგილობრივ “ლოკომოტივ-ყუბანთან“ 73:81 წააგეს.

მოსკოვური გრანდის მარცხი სენსაციას აღარ წარმოადგენს. რუსეთში ისე ამაღლდა დონე და გუნდებმა ისეთი ლეგიონერები დაიმატეს, ცსკა-ს არაფრით ჩამოუვარდებიან. “რკინიგზელებმა” არმიელებს დაძაბულ ბრძოლაში, თუმცა დამსახურებულად მოუგეს. მასპინძლებმა ბოლო 4 წუთი უფრო მობილიზებულად ჩაატარეს და შედეგიც მოიმკეს.

მარკოიშვილს შთამბეჭდავი სტატისტიკა არ ჰქონია, თუმცა ის ცსკა-ს მწვრთნელმა საკმაოდ დიდხანს ათამაშა. ქართველ ლეგინერზე მეტი, ისიც 1 წუთით, მხოლოდ სერბმა მილოშ ტეოდოსიჩმა ითამაშა, რომელიც არმიელთაგან საუკეთესო იყო. ტეოდოსიჩმა 32 წუთში 22 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი დაჰყო, რა დროშიც 4 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ლეგიონერმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 ჯარიმა მიიღო, ხოლო მეტოქე მასზე ერთხელ დაჯარიმდა. 14 ქულით დაასრულა შეხვედრა ალექსანდრ კაუნმა, ხოლო აარონ ჯექსონმა და სონი ვიმსმა 9-9 ქულა მიითვალეს.

რაც შეეხებათ გამარჯვებულებს. გუნდში არაერთი ძლიერი ლეგიონერის ყოფნის მიუხედავად, “ლოკომოტივს“ რუსმა მიხაილ გრიგორიევმა ულიდერა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. მისი სამქულიანები უმთავრესი ფაქტორი შეიქმნა ყუბანელთა გამარჯვებაში.

ცსკა ვთბ-ლიგაზე მორიგ მატჩს 20 ოქტომბერს შინ, კრასნოიარსკის “ენისეისთან“ გამართავს.

www.gbf.ge

0.127725