ფეხბურთი

2:14 | 19.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ბოლო წუთზე გადარჩა, ლისაბონური დრამა და "ბრიუგეს" სენსაცია

ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩების პირველი დღე ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

„ბაიერნი“ გლაზგოს „სელტიკთან“ აშკარა ფავორიტი იყო, გლაზგოში 2:1 მოიგო კიდეც და თითქოს მერვედფინალში ადვილად უნდა გასულიყო. თუმცა, გერმანული გრანდი საკუთარ მოედანზე ბოლო წუთზე გადარჩა.

63-ე წუთზე კუნის გოლით „სელტიკი“ დაწინაურდა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, თუმცა, 94-ე წუთზე ალფონსო დევისს მაგრად გაუმართლა, რომელმაც წონასწორობა აღადგინა და მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო ორი მატჩის ჯამში „ბაიერნმა“ 3:2 მოიგო და რთულად, მაგრამ „სელტიკის“ ბარიერი დაძლია, ხოლო მერვედფინალში „ლევერკუზენს“ ან მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება.

ტურნირს გამოეთიშა ბერგამოს „ატალანტა“, რომელიც აშკარა ფავორიტი იყო „ბრიუგესთან“, მაგრამ მოახერხა და ბელგიურ კლუბთან ორივე მატჩი წააგო. „ბრიუგე“ შინ 2:1 მოიგო, ხოლო იტალიაში - 3:1. ყველაფერი პირველივე ტაიმში გაირკვა, როცა ჩემსიდინ ტალბიმ დუბლი შეასრულა, ერთიც ფერან ჟუტგლამ გაიტანა და ბელგიელები 3:0 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის პირველივე წუთზე იტალიურმა კლუბმა სხვაობა შეამცირა, მე-60 წუთზე ადემოლა ლუკმანს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა და თამაშმა საბოლოოდ ინტრიგაც იქ დაკარგა. „ბრიუგე“ მომდევნო ეტაპზე „ლილს“ ან „ასტონ ვილას“ შეხვდება.

დღის ყველაზე დრამატული მატჩი „ბენფიკასა“ და „მონაკოს“ შორის შედგა. პორტუგალიურმა კლუბმა პირველი შეხვედრა სტუმრად 1:0 მოიგო, ხოლო ლისაბონში, „მონაკო“ ახლოს იყო წარმატებასთან. პირველ ტაიმში კერემ აკტურკოღლუმ და ტაკუმი მინამინომ გოლები გაცვალეს. მეორე ნახევარში ფრანგები ელის ბენ სეგირიმ დააწინაურა, რასაც ვანგელის პავლიდისმა პენალტით უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. 81-ე წუთზე ჟორჟ ილენიკენმა „მონაკო“ კიდევ ერთხელ დააწინაურა და ეს დამატებითი დროის მომასწავაბელი იყო, მაგრამ სამ წუთში ორქუნ კოკჩუმ გაათანაბრა და 3:3. ორი მატჩის ჯამში „ბენფიკამ“ 4:3 გაიმარჯვა და მერვედფინალშია, სადაც „ბარსელონას“ ან „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

„ბაიერნი“ – „სელტიკი“ 1:1 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 3:2

გოლები: 0:1 კუნი (63), 1:1 დევისი (90)

„ატალანტა“ – „ბრიუგე“ 1:3 (0:3) - ორი მატჩის ჯამში: 2:5

გოლები: 0:1 ტალბი (3), 0:2 ტალბი (27), 0:3 ჟუტგლა (45), 1:3 ლუკმანი (46)

„ბენფიკა“ – „მონაკო“ 3:3 (1:1) - ორი მატჩის ჯამში: 4:3

გოლები: 1:0 აკტურკოღლუ (22), 1:1 მინამინო (32), 1:2 ბენ სეგირი (51), 2:2 პავლიდისი (76, პენ), 2:3 ილენიკენა (81), 3:3 კოკჩუ (84)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.0692
სარეკლამო ადგილი - 99
X x X