ფეხბურთი

1:48 | 19.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონსეისაო: "ეს შედეგი ჩემი ბრალია და არა ტეო ერნანდესის"
"რაც აქ ვარ, ერთადერთი შესაძლებელი ტიტული მოვიგეთ, იტალიის თასის ნახევარფინალში ვართ და სერია A-ში 14 ქულა მოვიპოვეთ"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისამ „ფეიენოორდთან“ ფრის (1:1) და ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, შედეგზე პასუხისმგებელი თვითონაა და არა ტეო ერნანდესი, რომელიც გააძევეს, რამაც თამაში შეცვალა.

„დიდი იმედგაცრუებაა, გაბრაზებულები ვართ. თამაში მოსაგებად მოვამზადეთ, რამდენჯერმე შეგვეძლო ანგარიშის გაზრდა. ახლა ჩემპიონატზე და იტალიის თასზე ვიფიქრებთ. ტეოს გაძევებამ თამაში შეცვალა. მეც ბევრი შეცდომა დამიშვია და ყოველდღე ვუშვებ, ჩემი ფეხბურთელებიც უშვებენ შეცდომებს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე რომ ვერ გავედით, კონსეისაოს ბრალია და არა ტეო ერნანდესის.

მას შემდეგ, რაც გუნდში მოვედი, ერთადერთი შესაძლებელი ტიტული მოვიგეთ (იტალიის სუპერთასი - რედ), იტალიის თასის ნახევარფინალში ვართ და სერია A-ში 14 ქულა მოვიპოვეთ, ხოლო „ნაპოლიმ“ ამავე პერიოდში 15 ქულა დააგროვა. ვიცი, რომ ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ ნუ შემადარებთ მწვრთნელებს, რომლებიც 5 წელი მუშაობენ. მე აქ თვენახევარია ვარ და ცოტა დრო მქონდა სამუშაოდ. მხოლოდ ერთი გზა ვიცი გარემოს შესაცვლელად - გამარჯვება. ვეცდებით, „ტორინოსთან“ მატჩიდან ყველაფერი შევცვალოთ“, - თქვა კონსეისაომ.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" "ფეიენოორდთან" ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

0.116134