ფეხბურთი

23:47 | 18.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა

„მილანი“ ჩემპიონთა ლიგას 1/16-ფინალში გამოეთიშა, „ფეიენოორდი“ კი მერვედფინალშია.

პირველი მატჩი როტერდამელებმა შინ 1:0 მოიგეს და ეს უპირატესობა „სან სიროზე“ დაიცვეს.

არადა, „მილანი“ 39-ე წამზე დაწინაურდა, სატიაგო ხიმენესის გოლით, რომელიც „მილანმა ორი კვირის წინ 35 მილიონად სწორედ „ფეიენოორდიდან“ იყიდა. ეს მეოთხე გოლი იყო, რომელიც „მილანმა“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველ წუთზე გაიტანა (2005 წელს პაოლო მალდინიმ „ლივერპულთან“, 2005 წელს კლარენს ზეედორფმა „შალკესთან“ და 2011 წელს ალეშანდრო პატომ „ბარსელონასთან“). ამაზე მეტჯერ ჩემპიონთა ლიგის მატჩში პირველ წუთზე გოლი არცერთ გუნდს გაუტანია.

ამის შემდეგ „როსონერი“ თამაშს აკონტროლებდა, მაგრამ მატჩს ერთი ანტიგმირი ჰყავდა - ტეო ერნანდესი.

ფრანგმა მცველმა 44-ე და 51-ე წუთზე ორი გაუაზრებელი ყვითელი ბარათი მიიღო, მეორე სიმულაციისთვის და გააძევეს. სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა თამაშის სცენარი.

„ფეიენოორდი“ გათამამდა და 73-ე წუთზე ხულიან კარანსამ წონასწორობა აღადგინა - 1:1.

დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო „ფეიენოორდმა“ ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც „არსენალს“ ან „ინტერს“ შეხვდება.

„მილანი“ – „ფეიენოორდი“ 1:1 (1:0) - ორი მატჩის ჯამში 1:2

გოლები: 1:0 ხიმენესი (1), 1:1 კარანსა (73)

0.115347