ფეხბურთი

17:37 | 18.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი: "რომას" პრეზიდენტმა ტოტის შეძენა შემომთავაზა და ტიროდა"

მილანის „ინტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ თავის დროზე „რომას“ პრეზიდენტი ფრანკო სენსი ფრანჩესკო ტოტის სთავაზობდა, მაგრამ ტრანსფერი საბოლოოდ მაინც არ შედგა.

„რომას“ მაშინდელი ხელმძღვანელობა სავსე იყო ვალებით, პრეზიდენტი იმდენად სასოწარკვეთილი იყო, რომ ჩემთან მოვიდა და ტოტის ყიდვა შემომთავაზა, ტიროდა. შემდეგ, ალბათ ტოტიმ „რომაში“ დარჩენა ამჯობინა“, - თქვა მორატიმ.

„ინტერის“ ყოფილი მფლობელის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა როზელა სენსი, „რომას“ ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ფრანკო სენსის შვილია და მორატიმ სწორედ ფრანკო სენსი იგულისხმა, როცა თქვა, რომ „რომას“ პრეზიდენტმა თვალცრემლიანმა შესთავაზა ტოტის ყიდვა. როზელამ დაწერა, რომ ეს ამბავი ტყუილია:

„დღეს დილით გაკვირვებული და იმედგაცრუებული დავრჩი. სამწუხაროდ, წავიკითხე მასიმო მორატის სიტყვები, სადაც ის საუბრობს სასოწარკვეთილ რომაზე, რომელმაც ტოტი "ინტერს" შესთავაზა. მამაჩემს არასდროს უფიქრია რომელიმე კლუბში ფრანჩესკოს გაყიდვა. საკმარისია ჰკითხოთ ფლორენტინო პერესს, რომელმაც თავიდანვე გააცნობიერა, რომ ტოტის „რეალში“ გადასვლის ოდნავი შანსიც არ არსებობდა“, - წერს როზელა სენსი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკომ ტოტიმ მთელი კარიერა „რომაში“ გაატარა, სადაც 1992-2017 წლებში თამაშობდა.

0.117482