ჩემპიონთა ლიგაზე "პარი სენ ჟერმენი" მერვედფინალში გასასვლელად იბრძვის. გუნდი, სადაც ცოტა ხნის წინ ხვიჩა კვარაცხელია გადავიდა, განმეორებით შეხვედრაში "ბრესტს" დაუპირისპირდება.
პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩამდე 1 დღით ადრე კი პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ლუის ენრიკემ კომენტარი ქართველ ფეხბურთელზეც გააკეთა და თქვა, რომ კვარას შრომისმოყვარეობით კმაყოფილია.
"პირველი მატჩის შემდეგ მეტოქესთან დიდი უპირატესობა შევიქმენით, თუმცა, მეორე შეხვედრაშიც ყურადღებით თამაში გვმართებს. იქნება თუ არა "ბრესტთან" ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში? ამას წინასწარ ვერ გეტყვით. "პარი სენ ჟერმენში" ცოტა ხნის წინ მოვიდა და მარტივი არ არის გუნდთან მოკლე დროში შეთამაშება. ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენც არსად გვეჩქარება, რადგან მისი ვარჯიშით და შრომისმოყვარეობით კმაყოფილი ვარ.
არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა. მან შეიცვალა ქვეყანა, ენა, გუნდი, ამ ყველაფერთან ადაპტაციას დრო სჭირდება. ის გრძელვადიანი პროექტის ნაწილია. ცდილობს დაამტკიცოს, რომ შეუძლია ძირითადი შემადგენლობის წევრი იყოს, ჩვენც ვცდილობთ, მისი თვისებები პირველივე წუთიდან გამოვიყენოთ და გუნდში ძალიან კარგადაა ინტეგრირებული, ხოლო ადაპტაციის პროცესი იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც დასჭირდება", - განაცხადა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ "ბრესტისა" და პსჟ-ს პირველი შეხვედრა პარიზელების გამარჯვებით 3:0 დასრულდა. განმეორებითი თამაში კი ხვალ, 19 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.