რაგბი

12:03 | 17.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ‘გორი’ წინ დაუმარცხებლად მიიწევს

პირველი ლიგის მე-13 ტური, წინა ტურის მსგავსად არასრული გამოდგა. სეზონურმა ვირუსულმა გრიპმა ამჯერზე ხელი ჭიათურის ‘მათეს’ ერთბაშად 10 მორაგბეს დარია, რის გამოც ორგანიზატორებს დებულების თანახმად ‘მათე’-‘წიქარას’ შეხვედრის გადავადება მოუხდათ. ზემო იმერლებს უკვე 2 გადადებული შეხვედრა დაუგროვდათ და ზაზა ბაკურაძის შეგირდები რეგულარული სეზონის დარჩენილ ნაწილს „ამოუსუნთქავად“ (ყოველ კვირაში მოუწევთ თამაში) ჩაამთავრებენ.

‘გორი’ ლიდერობას დაუმარცხებლად აგრძელებს. შიდა ქართლელებმა პირველობის 13-ივე შეხვედრა მოიგეს, 62 ქულა დააგროვეს და ტურში უთამაშებელ, მეორე ადგილზე მყოფ ‘წიქარას’ უკვე 20 ქულით უსწრებენ. მესამე პოზიციაზე მყოფმა ‘ვეფხვებმა’ ‘წიქარასთან’ ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა. ‘დინოზავრმა’ 35 ქულით მოწინავე კვარტეტში აინაცვლა და მე-5 ადგილზე დაქვეითებულ ‘რუსთავს’ 1 ქულით გადაასწრო. პლეი ოფის დასკვნით, მე-6 ადგილს კი 28 ქულით ‘ლოკომოტივი’ იკავებს.

‘მათე’ 22 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს, თუმცა დაკარგული ქულების (2 თამაშით ნაკლები) გათვალისწინებით ზემო იმერლები „რკინიგზელებს“ პოტენციურად აღემატებიან. ‘ფოთმა’ 19 ქულით მე-8 პოზიცია გაიმყარა და ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ‘არწივებთან’ სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა. 4 ქულის მქონე ‘აკადემია-ლაშარი’ პირველობის აუტსაიდერად რჩება.

ჭალის დასახლებაში, ლიდერმა ‘გორმა’ აღმოსავლურ დერბიში ‘რუსთავს’ უმასპინძლა. კვაჭ ლუკა კეკელიას შესრულებული „დუბლით“ შიდა ქართლელებმა პირველ ნახევარში 15 უპასუხო ქულა აიღეს. მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძელთა უპირატესობა ჰავბეკ ლევან ხუციშვილის გატანილი ლელოთი გაიზარდა. დარჩენილ დროში ლელოს გატანა გიორგი ჭინჭარაულის კიდევ სამმა შეგირდმა მოახერხა. მატჩის მიწურულს კი რუსთაველთა მხტომელმა მიშო ქუფარაშვილმა მოახერხა პრესტიჟის ლელოს დადება. ‘გორმა’ შეხვედრა პრემიალური ქულით მოიგო - 43:13.

‘ლოკომოტივის’ ბაზაზე, ‘ლოკომოტივი’-‘დინოზავრის’ შეხვედრა იმერელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ზაზა ჩირგაძის გუნდმა მთლიანობაში 7 ლელო გაიტანა, მეტოქეს კი მხოლოდ 2 ლელოს დადების შესაძლებლობა მისცა. „რკინიგზელთაგან“, პირველი ტაიმის მიწურულს 26-ქულიან ჩამორჩენაზე ლელო მარბიელმა ლუკა გლუნჩაძემ გაიტანა, მეორე ნახევარში კი იმერლებს ლელო კვაჭმა ვაჟა რუაძემ დაუდო.

‘დინოზავრის’ წარმატებას საფუძველი ფულბეკ მიშო ჟორჟოლიანის გატანილმა ლელომ ჩაუყარა. ჟორჟოლიანი მატჩის პირველი და დასკვნითი ლელოს ავტორიც გამოდგა. წყალტუბოელთა ფულბეკის მსგავსად, „დუბლი“ სტუმართა მარბიელმა ბადრი დანგაძემაც შეასრულა. ‘დინოზავრმა’ პრემიალური ქულა აიღო, პირველობაზე მიჯრით მე-6 შეხვედრა მოიგო და პლეი ოფისკენ მძლავრი ნაბიჯი გადადგა - 45:14.

პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ აუტსაიდერ ‘აკადემია-ლაშართან’ საშინაო არენად ამჯერზეც ვაზისუბნის სარაგბო სტადიონი ირჩია და უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან დაეუფლა. გარე კახელები კვაჭ ანტონ ცილიკურის გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ. ცილიკურმა შემდგომში „დუბლი“ გაიფორმა.

დიტო კიკნაძის ბიჭები უმეტესად ხელდახელ თამაშს ეშურებოდნენ და მთლიანობაში 6 გატანილი ლელოდან, 5 ლელო მეტოქეს კომბინაციურ სტილში დაუდეს. „მხატვართა“ მონაგარმა კი 2 გარდასახული ლელო (მარბიელი დავით კენჭოშვილი და ფრთა ნიკა ბერბიჭაშვილი) შეადგინა. გარე კახელთა პრემიალური ქულით, დამაჯერებელი გამარჯვება მარქაფადან ჩართული შუამარბის გიორგი ძნელაშვილის გატანილმა ლელომ დააფიქსირა - 36:14.

„პარკი არენაზე“, ლიგაში დარჩენაზე მებრძოლი გუნდების ‘ფოთისა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დრამატულად დასრულდა. გურულები ხელდახელ თამაშს ეშურებოდნენ და კონტრშეტევებზე კოლხებს მთლიანობაში 2-ით მეტი, 4 ლელო დაუდეს. ფოთელები კი რაციონალურად, პრაგმატულად ირჯებოდნენ და კარში დასარტყამი ჯარიმების დიდი ნაწილის რეალიზებაც შეძლეს.

მატჩის კულმინაციად ბოლო წუთები იქცა. მარბიელი მათე გელაშვილის დადებული ლელოთი ‘ფოთი’ 6 ქულით დაწინაურდა. კოლხთა ლეგიონერმა მგეზავმა ბლეიქ დიდერიქსმა მანამდე გატანილ 4 ჯარიმას, ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო. გურულების პრაქტიკულად ბოლო მიძალება კი ლელოთი მღლეტელმა საბა ნებიერიძემ დაასრულა, ვინაც შეხვედრის მონაწილეთა შორის ერთადერთი „დუბლის“ ავტორიც გამოდგა. ‘არწივების’ შუამარბ ლაშა მჟავანაძეს კი რთული პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა და გურულები ნუგეშ-ქულას დაჯერდნენ. დრამატული მატჩი ‘ფოთმა’ მინიმალური სხვაობით მოიგო - 24:23, რამაც კოლხები პლეი აუტის ადგილს 6 ქულით დააშორა.

RUGBY.GE

0.114673