რაგბი

10:27 | 17.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყაზბეგი 32:28 ტაო

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ ონისე ბაზალის მიერ გაწითლებულ დროზე გატანილი ლელოთი, უშუალო კონკურენტ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ 32:28 სძლია და მოწინავე ექვსეულში მოხვედრის კარგ შანსს ინარჩუნებს.

crocobet დიდი 10-ის მე-13 ტურის შეხვედრა, რომელიც „ავჭალაზე“ გაიმართა, უაღრესად დაძაბული გამოდგა. ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ქვედა ზონაში მყოფი გუნდები ეთამაშებოდნენ და ლიდერიც ხუთჯერ შეიცვალა.

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ თამაშში ჩართვა ორივე გუნდს გაუჭირდა. ხშირი იყო ტექნიკური წუნი, რის გამოც შეტევათა უმრავლესობა საწყის ფაზაშივე სრულდებოდა. ნომინალურმა მასპინძელმა ‘ყაზბეგმა’ ორი წუთის ინტერვალით მეტოქის ორი შეცდომით ისარგებლა და 10 ქულით დაწინაურდა. ანგარიში შერკინებაში მოპოვებული ჯარიმის შემდეგ კარის წინ 25 მეტრიდან დავით მოძღვრიშვილმა გახსნა. მერე სტეფანწმინდელებმა მეტოქის 22-თან დერეფანში ბურთი ცუდად მოაწოდეს, მაგრამ მცველებიც შეცდნენ, ოვალს გუგუა ხულელიძე დაეუფლა და მისი ლელო მოძღვრიშვილმა გარდასახა.

ამასობაში თამაში ‘ტაომაც’ დაალაგა და ტაიმის დასკვნით წუთებში ინიციატივას დაეუფლა. 27-ე წუთზე ოთარ ტალახაძემ საპასუხო ჯარიმა გაიტანა, 5 წუთში კი ლაისიასა მბონგინდრაუმ დერეფნის შემდეგ მაღალ სისწრაფეში მიიღო ბურთი, ხაზი ცენტრში გაჭრა და ლელომდე ირბინა. ტალახაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. 36-ე წუთზე სამცხე-ჯავახეთელებმა მორიგი კარგი შეტევა განახორციელეს, გიორგი შკინინმა გრძელი გადაცემით მარცხენა ფრთაზე ბურჯი საბა ბუხრიკიძე მოძებნა, რომელმაც ბურთი ალამთან კახი მანველიშვილს შეაყოლა. რთული პოზიციიდან გარდასახვა არაზუსტი იყო და გაწითლებულ დროზე მოძღვრიშვილმა ახლოდან გატანილი ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა - 13:15.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ყაზბეგმა’ კარგი ფაზური შეტევა ლელოთი დაასრულა, მაგრამ ის ვიდეო-რეფერიმ გააუქმა. ამით კარგად ისარგებლა ‘ტაომ’, ტალახაძემ 10 წუთში სამჯერ მიიღო კარში დასარტყმელი ჯარიმა, რომელთაგან ორი ზუსტად შეასრულა, ერთი კი ძელმა აისხლიტა. ‘ყაზბეგმა’ მარცხის საფრთხე იგრძნო და გააფთრებით შეუტია. სტუმრებმა რამდენიმე ფაზაში თავი კარგად დაიცვეს, მაგრამ მერე დავით იმნაძემ სიტუაცია გაამწვავა და ონისე ბაზალმა მარჯვენა ალამთან ლელო გაიტანა. მოძღვრიშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

66-ე წუთზე შესანიშნავად ითამაშა გიორგი მარგალიტაძემ, მეტოქის ლელოდან 10 მეტრში ხაზი სუფთად გაჭრა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. მოძღვრიშვილი ამჯერადაც ზუსტი იყო. დასკვნითი წუთები დრამატული აღმოჩნდა. საბა ნიკოლაშვილმა 74-ე წუთზე გატანილი ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, ტალახაძემ კი გარდასახვით ‘ტაოს’ ლიდერობა დაუბრუნა. მაგრამ სტუმრებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს, უკვე გაწითლებულ დროზე ონისე ბაზალმა თავისი მეორე ლელო გაიტანა და ‘ყაზბეგს’ უმნიშვნელოვანეს მატჩში 32:28 მოაგებინა. ბუნებრივია, ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ‘ყაზბეგს’ 26 ქულა მოუგროვდა და სანამ რუსთავის ‘ხარები’ თავის შეხვედრას გამართავს, მე-6 პოზიციაზე აღზევდა. ‘ტაოს’ ნუგეშ-ქულა ერგო, ჯამში 20 მოუგროვდა და ბოლოსწინა მე-9 საფეხურზე რჩება. ახლა ის ‘ყოჩებს’ 9 ქულით უსწრებს, ‘ლელოს’ კი 3 ქულით ჩამორჩება.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120213