რაგბი

11:00 | 17.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ხარები 39:29 აია

რუსთავის ‘ხარებმა’ crocobet დიდი 10-ის მე-13 ტურის დასკვნით მატჩში, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი ქუთაისის ‘აია’ 39:29 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით რუსთაველებმა სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილი დაიბრუნეს და ‘აიას’ „სარბიელის სინიც“ ჩამოართვეს, რომელსაც ქუთაისელები 2024 წლის 9 ნოემბრიდან ფლობდნენ. ‘ხარებს’ 13 თამაშის შემდეგ 29 ქულა აქვს და თბილისის ‘არმიას’ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება, მდევარ ‘ყაზბეგს’ კი 3 ქულით უსწრებს. სეზონში მეორე მარცხის მიუხედავად, ‘აია’ ლიდერობას ინარჩუნებს, თუმცა მდევარ ‘არესს’ ახლა მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

„ხარები არენაზე“ მასპინძლებმა პირველ ტაიმში 23-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და შესვენების შემდეგ ის ხელიდან აღარ გაუშვეს. სტუმრებისთვის თამაში მძიმედ დაიწყო. ორი წუთის ინტერვალში მათ სინბინით ელგუჯა მახარეიშვილი და საბა ხონელიძე დაკარგეს, თუმცა ორ-კაცნაკლულებმა მხოლოდ ერთი ლელო გაუშვეს. კარის წინ ფორვარდების მიძალების შემდეგ, ბურთი ფრთაზე რატუ საინივალატიმდე ჩათამაშდა და მანაც მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა.

‘აიამ’ 22-ე წუთზე მახარეიშვილის მიერ გატანილი ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ დასკვნით 15 წუთში სამი გარდასახული ლელო მიიღო. მასპინძლების მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ, ანარე ტუიტაიმ კარის წინ სივრცე შენიშნა, ხაზი გაჭრა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა. მერე სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ხაზი ლუკა კოხიამ გაჭრა და ლელომდე 20 მეტრი ირბინა, ორიოდე წუთში კი სანდრო სვანიძის ჯერი დადგა, რომელმაც მარტივად შეძლო ხაზის გაჭრა და ლელომდე 40 მეტრი დაფარა. სანდრო მარგიანმა გარდასახვები შეასრულა - 26:3.

მეორე ტაიმი საპირისპირო სცენარით დაიწყო. ‘აიამ’ 45-ე წუთზე მოლით შეუტია და საბა ხონელიძის ლელო რთული პოზიციიდან მახარეიშვილმა გარდასახა, 4 წუთში კი ტიმოსი მბოლა ფრთაზე გაიქცა და ჩამორჩენა 11 ქულამდე დავიდა. ასეთ პირობებში მარგიანმა აღარ გარისკა და 52-ე წუთზე ჯარიმა კარში დაარტყა, ხოლო 55-ეზე კარგი კომბინაცია გაითამაშა და ტუიტაიმ თავისი მეორე ლელო გაიფორმა. მარგიანი გარდასახვიდან ზუსტი იყო.

ქუთაისელები არც ამან გატეხა. თემურ კოხოძის კარგი გარღვევისა და 5-მეტრიანში ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ, გივი კაშიამ კარის წინ გაჭრა ხაზი და მისი ლელოს გარდასახვა მახარეიშვილს არ გაჭირვებია. მალე მასპინძლები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ. ყვითელი ბარათით მაიკელი როკონდინონო დაისაჯა, თუმცა სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლეს.

‘აიამ’ 74-ე წუთზე თავისი მეოთხე ლელო მაინც გაიტანა. მათი 70-მეტრიანი ხელდახელ შეტევა მარჯვენა ფრთაზე მბოლას მეორე ლელოთი დასრულდა, მახარეიშვილმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა და ჩამორჩენა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანა. მატჩის მიწურულს რუსთაველები ერთხელაც დარჩნენ კაცნაკლული. ყვითელი ბარათი ამჯერად ცოტნე ჭანტურიამ მიიღო, მაგრამ ‘ხარებმა’ თავი დაიცვა, ბოლოს გიორგი პეტრიაშვილმა ჯარიმა იქით გაიტანა და ჩემპიონი ნუგეშ-ქულის გარეშე დატოვა - 39:29. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო მარგიანი გახდა.

RUGBY.GE

0.137819