იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „იუვენტუსმა“ იტალიის დიდ დერბიში „ინტერი“ დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
„იუვეს“ გამარჯვება „ნაპოლისთვისაც“ არანაკლებ ფუნდამენტური იყო, რადგან ანტონიო კონტეს გუნდი ზედიზედ სამი ფრის მიუხედავად, მაინც სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩა.
„ინტერს“ შეეძლო გამარჯვებით პირველ ადგილზე გადასვლა, მაგრამ წააგო. პირველ ტაიმში თუ სიმონე ინძაგის გუნდს საგოლე მომენტები ჰქონდა, მეორე ნახევარში თამაში „იუვეს“ იყო და დამსახურებულად მოიგო. 74-ე წუთზე გავიდა ერთადერთი გოლი, რომელიც რანდალ კოლო მუანის შესანიშნავი თამაშის შემდეგ ფრანსისკო კონსეისაომ გაიტანა - 1:0.
„იუვენტუსი“ 46 ქულით მეოთხე ადგილზე გადავიდა, ყველა ტურნირზე ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო, რაც ამ სეზონში პირველად მოახერხა. „ინტერი“ თავის მხრივ, ცუდ ფორმაშია, ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ 4 ქულა დააგროვა და ამიტომაცაა, რომ „ნაპოლი“ ზედიზედ სამი ფრის მიუხედავად ისევ ლიდერია. „ინტერი“ „ნაპოლის“ ორი ქულით ჩამორჩება.