ფეხბურთი

10:25 | 16.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "განურჩევლად იმისა, თუ ვინ თამაშობს, ჩემი გუნდი ყოველთვის ერთნაირ შემართებას ავლენს"
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ეს ლამაზი პერიოდი, რომელშიც ვიმყოფებით"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ტულუზთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მისი გუნდი ყოველთვის ერთნაირი სულისკვეთებით თამაშობს განურჩევლად იმისა, თუ რომელი ფეხბურთელები არიან მოედანზე:

„ყველაფერი ჩვეულებისამებრ გავაკეთეთ. გუნდი ყოველთვის ერთსა და იმავე ზრახვებს ავლენს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ფეხბურთს აცვია პსჟ-ს მაისური. ამით ძალიან ვამაყობ, ვაჩვენებთ, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ, მხოლოდ გამარჯვებას აქვს მნიშვნელობა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ჩვენ გვსურს კონკურენტუნარიანი ვიყოთ ყველა თამაშში, თამაშის ყოველ მომენტში. მინდა მივულოცო ჩემს გუნდს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმაზე, რასაც კარგად ვაკეთებთ, გავაგრძელოთ გაუმჯობესება და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ეს ლამაზი პერიოდი, რომელშიც ვიმყოფებით.

ჩემთვის მიზანი არ არის ლიგა 1-ის წაუგებლად დასრულება. მიზანი ჩემპიონატის მოგებაა. ამ მომენტში ჩვენ მხოლოდ ეს გვაქვს მხედველობაში და თუ ამას მივაღწევთ, შესანიშნავი იქნება.

არ მგონია, რომ ჩემი სათამაშო პრინციპების ათვისება განსაკუთრებით რთული იყოს. ჩემთვის მთავარია, დავინახო როგორ ტკბებიან ჩემი ფეხბურთელები ვარჯიშით ან მატჩებით და სიამოვნებას იღებენ მთელი კვირის განმავლობაში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ იღებენ თამაშით სიამოვნებას ჩემი ფეხბურთელები და გულშემატკივრები ჩვენი თამაშის ყურებით“, - თქვა ლუის ენრიკემ.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 22 ტურის შემდეგ 56 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „მარსელს“ 10 ქულით უსწრებს, ხოლო მომდევნო ტურში 23 თებერვალს, „ლიონს“ სტუმრად დაუპირისპირდება, ასე რომ, გიორგი მიქაუტაძის და ხვიჩა კვარაცხელიას დაპირისპირება გველოდება. თუმცა, მანამდე, 19 თებერვალს, პსჟ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „ბრესტს“ უმასპინძლებს.

0.066561