„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ლაციოსთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, შედეგი დადებითია და არ უნდა დაივიწყონ, რა მდგომარეობიდან დაიწყო „ნაპოლიმ“ სეზონი და ახლა სად არის...
„ბონჯორნო შეცვალე, რადგან ორი თვის შემდეგ დაბრუნდა და არ ვიცოდით, რამდენი ხანი შეეძლო თამაში. გარდა ამისა, პოლიტანოს შეყვანით გუნდისთვის სიგნალის მიცემა მინდოდა. როდესაც შეცვლა მაძოკიმ მთხოვა, პრობლემა იყო: ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემეძლო, რაფა მარინის შეყვანა იყო, რომელსაც ვულოცავ, რადგან მატჩის რთულ მომენტში კარგად ჩაერთო. დასანანია, რომ „ოლიმპიკოზე“ 90-ე წუთზე 4 ქულა დავკარგეთ, 15 დღეში ორჯერ დაგვემართა ეს, რაც პირში მწარე გემოს გვიტოვებს („ნაპოლიმ“ „რომასა“ და „ლაციოსთან“ საგარეო მატჩებში ბოლო წუთებზე გაშვებული გოლებით დაკარგა ქულები - რედ).
ზედიზედ სამი ფრე? ორი ფრე „ოლიმპიკოზე“ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ ვითამაშეთ და ეს დადებით შედეგად უნდა შევაფასოთ. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, საიდან დაიწყო ამ გუნდმა სეზონი. დღეს შეგვეძლო, უკეთესი შედეგის მიღწევა, მაგრამ ეს ფეხბურთია. ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, არ ვიფიქროთ სხვა საკითხებზე, ჩემთვის საამაყოა ის, რასაც ვაკეთებთ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 56 ქულით ლიდერია, მაგრამ მხოლოდ ორი ქულით უსწრებს „ინტერს“, რომელიც ამ ტურის მატჩს დღეს სტუმრად „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.