რაგბი

12:12 | 16.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არესი 31:21 არმია

ქუთაისის ‘არესმა’ 2025 წლის პირველ მატჩში თბილისის ‘არმია’ 31:21 დაამარცხა და მეორე ადგილი გაიმყარა.

„აია არენაზე“ გამართულ მატჩში მასპინძლები 30-ე წამზე დაწინაურდნენ. ჯოსევანი ნდრავამ მოედნის ცენტრში მაღალ სისწრაფეზე გაჭრა ხაზი, ზურაბ ძნელაძეს ოფლოუდი ამოუგდო და მანაც ლელომდე უპრობლემოდ ირბინა. ‘არმია’ სწრაფად დაეუფლა სათამაშო ინიციატივას და მეორე სახიფათო შეტევით წონასწორობა აღადგინა. მოლიდან ლელო ლევან ჭავჭავაძემ მიითვალა, მამუკა ნინიძემ კი გარდასახა.

ქუთაისელებმა ლიდერობა 27-ე წუთზე ნდრავას ლელოთი დაიბრუნეს, თამაშის განახლების შემდეგ კი საკუთარი 22-იდან დაწყებული შეტევა მესამე ლელოთი დაასრულეს. პირველ ფაზაში ხაზი ირაკლი თევზაძემ გაჭრა და კარგად იარა, მერე ბურთი ხელდახელ სწრაფად ჩათამაშდა და 5 ქულა გუგა მარგველაშვილმა ჩაიწერა, ზედ შესვენების წინ კი 5-მეტრიანი შერკინებიდან შეტევა გოგა კობახიძის ლელოთი დასრულდა. გიორგი თევდორაძემ ოთხივე გარდასახვა გაიტანა და ტაიმი ‘არესმა’ 28:7 მოიგო.

მეორე ტაიმი 7 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ‘არმიამ’ ძალისმიერი ლელო გაიტანა. ბურთი გიორგი ჩხარტიშვილმა დაამიწა, ნინიძემ კი გარდასახა. ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში ანგარიში აღარ შეცვლილა. თევდორაძემ მასპინძელთა უპირატესობა 77-ე წუთზე ჯარიმით გაზარდა, რაზეც ‘არმიამ’ ბოლო წუთზე ალექსანდრე ტაბატაძის ლელოთი და ნინიძის გარდასახვით უპასუხა, თუმცა ამან სატურნირო თვალსაზრისით არაფერი შეცვალა - 31:21. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ზურაბ ძნელაძე გახდა.

‘არესს’ 13 თამაშის შემდეგ 47 ქულა აქვს და ორით ჩამორჩება ლიდერ ‘აიას’, რომელიც ტურის შეხვედრას ხვალ რუსთავში, ‘ხარებთან’ გამართავს. ‘არესი’ 5 ქულით უსწრებს მდევარ ‘ბათუმს’. ‘არმიას’ 29 ქულა დარჩა და მე-5 პოზიციაზეა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.073846
სარეკლამო ადგილი - 99
X x X