ფეხბურთი

1:25 | 16.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტეს დილემა "ლაციოსთან" მატჩში: "მოედანზე ვინ შევიყვანო?"

„ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში სტუმრად „ლაციოს“ დაუზავდა და ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა.

ანტონიო კონტეს გუნდი ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ 87-ე წუთზე გაუშვა და ქულით დაკმაყოფილება მოუწია (2:2).

ტელეკომპანია DAZN-ის კამერებმა კი, საინტერესო მომენტი დააფიქსირეს, რაც იტალიურ პრესაში ახლა განხილვის მთავარი თემაა.

მე-80 წუთზე „აძურის“ თავკაც ანტონიო კონტეს სამედიცინო შტაბიდან უთხრეს, რომ პასკუალე მაძოკის ფიზიკური პრობლემები ჰქონდა და უნდა შეეცვალა. სწორედ ამ დროს კონტეს დააფიქსირეს კამერებმა და მისი სიტყვებიც გაშიფრეს: „კი, მაგრამ ვინ შევიყვანო?“

კონტეს სათადარიგო სკამზე მარცხენა მცველის ალტერნატიული ვარიანტი არ ჰქონდა, რადგან ლეონარდო სპინაცოლას და მატიას ოლივერას ტრავმები აქვთ, ხოლო მარიო რუის კონტრაქტი გაუწყვიტეს და იანვარში გუნდიდან გაუშვეს.

საბოლოოდ, კონტემ მაძოკის ნაცვლად თამაშში ცენტრალური მცველი რაფა მარინი ჩართო, ფეხბურთელი, რომელიც „ნაპოლიმ“ გასულ ზაფხულს შეიძინა, მაგრამ სერია A-ში ამ დრომდე წუთიც არ ჰქონდა ნათამაშები... მარინის აქტივში „ნაპოლის“ მაისურით მხოლოდ ორი მატჩი იყო, ორივე იტალიის თასზე, სერია A-ში დებიუტი კი, სწორედ ახლა, თებერვალში ჰქონდა.

„ნაპოლიმ“ დარჩენილ დროში ანგარიში ვერ შეინარჩუნა, გოლი გაუშვა და ფრეს დასჯერდა.

0.119445