ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში ლონდონის „არსენალი“ „ლესტერ სიტის“ ესტუმრა, რომელიც დაამარცხა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.
მიკელ არტეტას გუნდს შეტევაში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და „მეილებთან“ მოგებაც გაუჭირდა, მაგრამ მატჩის გმირი მიკელ მერინო გახდა. ესპანელი თამაშში მხოლოდ 69-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა დუბლის გაფორმება მაინც მოასწრო.
მერინომ ანგარიში 81-ე წუთზე გახსნა, ხოლო 6 წუთის შემდეგ მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
„არსენალმა“ 53 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 22 თებერვალს, „ვესტ ჰემს“ უმასპინძლებს, ხოლო „ლესტერი“ 17 ქულით გასავარდნ ზონაშია, მე-18 ადგილზე, წინ კი, „ბრენტფორდთან“ საშინაო მატჩი ელოდება.