„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მსაჯებისა და VAR-ის მხრიდან ბოლო დროს მომრავლებულ შეცდომებზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ამ თემაზე ადრე საუბრობდა და მაშინ არავინ ეთანხმებოდა, სამაგიეროდ, ახლა იგივე მწვრთნელები ჩივიან. კონტემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ზოგიერთ გუნდს მედია მხარს უჭერს, ხოლო როდესაც მსაჯების გადაწყვეტილებების გამო „ნაპოლი“ დაზარალდა, ამის შესახებ მედიაში არაფერს აშუქებდნენ:
„უკვე ვთქვი, რაც უნდა მეთქვა და მკაცრი თავდასხმის ობიექტიც გავხდი. მაშინ სხვა მწვრთნელების ნაცვლადაც ვილაპარაკე, მაგრამ ზოგიერთებმა უკან დაიხიეს და თქვეს, რომ ამას ჩემი გადმოსახედიდან ვსაუბრობდი. ახლა, ისინი დაბრუნდნენ და დაიჩივლეს. არ მინდა დისკუსიებში დაბრუნება, სისულელე იქნება, რაც მქონდა სათქმელი ვთქვი. მეღიმება, რომ ახლა ბევრი იზიარებს ჩემს სიტყვებს, როცა ისინი პირადად დაზარალდნენ. ზოგიერთ გუნდს მედიამაც მხარი დაუჭირა, მაგრამ როდესაც მე ვლაპარაკობდი, მედიისგან იგივე სოლიდარობა არ ყოფილა და ეს ამტკიცებს, რომ როდესაც „ნაპოლიში“ მუშაობ, ხედავ რაღაც განსხვავებებს“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში ლიდერია და უახლოეს მატჩს 15 თებერვალს, სტუმრად „ლაციოსთან“ გამართავს.