ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა ბერტოლო მუტიმ განაცხადა, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთვის“ მნიშვნელოვანი დანაკარგია, მაგრამ გუნდისთვის მთავარი მოტივირებული ფეხბურთელებია და ბოლო პერიოდში კვარას „ნაპოლიში“ თამაშის მოტივაცია აღარ ჰქონდა.
„არსებობს არჩევანი, რომელსაც 100%-ით არ ვეთანხმები, მაგრამ ფეხბურთში ეკონომიკური ასპექტიც მნიშვნელოვანია. აგენტებს დიდი ძალა აქვთ და ხშირად გავლენას ახდენენ გადაწყვეტილებებზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დაკარგვა რთულია, მაგრამ თუ კლუბს შეუძლია ალტერნატივების პოვნა და ძლიერი სიგნალების გაგზავნა, მაინც შეუძლია მოგებული დარჩეს. კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელია, თუმცა ბოლო დროს ფორმაში სანახევროდ იყო. გუნდს კი, სჭირდება მოტივირებული ფეხბურთელები. ოკაფორი შეიძლება ტექნიკურად ასეთივე ძლიერი ფეხბურთელი არ იყოს, მაგრამ მას ხასიათით და თავდადებით შეუძლია ყველაფრის კომპენსირება“, - თქვა მუტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 70 მილიონ ევროდ გაყიდა, ხოლო მის ნაცვლად „მილანიდან“ იჯარით ნოა ოკაფორი დაიმატა.