ფეხბურთი

18:03 | 12.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი "სიტის" ფანების პროვოკაციაზე: "ეს მაძლიერებს, რომ შესანიშნავად ვითამაშო"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ვინისიუს ჟუნიორმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის შემდეგ მასპინძელი ქომაგების პროვოკაციაზე კომენტარი გააკეთა.

„სიტის“ ფანებმა თამაშის წინ ვინისიუსს ირონიული ბანერი გამოუფინეს: „შეწყვიტე ტირილი“ - ისინი გულისხმობდნენ ოქროს ბურთს, რომელიც როდრიმ მოიგო, ხოლო ვინისიუსი ფიქრობს, რომ მოგებას თვითონ იმსახურებდა.

მატჩის მიმდინარეობისას ისმოდა შეძახილები: „სად არის შენი ოქროს ბურთი?“... ამ ყველაფერს ვინისიუსმა მატჩის ბოლო 5 წუთში ორი საგოლე პასით უპასუხა, რამაც „რეალს“ „სიტის“ დამარცხების შესაძლებლობა მისცა, ხოლო თვითონ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მოკლედ, ეს იყო ვინისიუსის რევანში, რომელმაც „სიტის“ ფანებზე შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა:

„ვნახე ბანერი, მაგრამ ყოველთვის, როცა მოწინააღმდეგე გულშემატკივრები ჩემს პროვოცირებას ახდენენ, კიდევ უფრო მეტ ძალას მაძლევენ, რომ შესანიშნავად ვითამაშო, ახლაც ასე იყო. მათ იციან ჩვენი ისტორია, ყველაფერი, რაც გავაკეთეთ. მთავარია, რომ მოვიგეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ“, - თქვა ვინისიუსმა.

აღსანიშნავია, რომ „სიტის“ ფანების გაშლილ ბანერს როდრი ტრიბუნებიდან ტელეფონით ვიდეოს უღებდა, რომელმაც მატჩის მერე მოკლედ თქვა, რომ მოეწონა ბანერი.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალთან“ 2:3 დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლა ძალიან გაუჭირდება.

0.115181