ფეხბურთი

2:00 | 12.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" მაგიური ქამბექი "სიტისთან", "დორტმუნდი" თითქმის გავიდა, "იუვენტუსმა" მძიმედ მოიგო

ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეოთხე სეზონია „მანჩესტერ სიტის“ და მადრიდის „რეალის“ გზები გადაიკვეთა, ამჯერად ძალზე ნაადრევად, 1/16-ფინალში და ესპანურმა გრანდმა დიდი ნაბიჯი გადადგა მომდევნო ეტაპისკენ.

„სიტიმ“ ტაიმი მოიგო ერლინგ ჰოლანდის გოლით, რასაც კილიან მბაპემ უპასუხა, თუმცა, მე-80 წუთზე ჰოლანდმა დუბლი შეასრულა და თითქოს, „სიტი“ მიუახლოვდა გამარჯვებას. თუმცა, ჩემპიონთა ლიგასა და „რეალს“ შორის რაღაც მაგიური კავშირია, რომელსაც ვერავინ ახსნის. „სამეფო კლუბმა“ ბოლო 5 წუთში „სიტის“ თამაში შეუტრიალა - ჯერ ბრაიმ დიასმა გაათანაბრა, ხოლო მსაჯის კომპენსირებულ დროში ჯუდ ბელინგემმა კარლო ანჩელოტის გუნდს მოაგებინა - 2:3. შესაბამისად, „რეალი“ საპასუხო მატჩის წინ, რომელსაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩაატარებს, აშკარა ფავორიტია. „სიტის“ კრიზისი გრძელდება, ეს სეზონი ინგლისური კლუბისთვის კატასტროფული გამოდის.

„რეალზე“ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია „დორტმუნდი“, რომელმაც ლისაბონში, „სპორტინგი“ გაანადგურა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერვედფინალშია. გერმანულმა გუნდმა მეტოქეს მეორე ტაიმში გადაურბინა გირასის, გროსის და ადეიემის გოლებით - 0:3. ასე რომ, „სიგნალ იდუნა პარკზე“ „დორტმუნდი“ ყველაფერს ბოლომდე მიიყვანს.

ტურინის „იუვენტუსმა“ პსვ ეინდჰოვენთან შინ მოიგო, მაგრამ რამდენად ეყოფა ეს მერვედფინალის საგზურისთვის რთული სათქმელია. სხვათა შორის, „იუვე“ პსვ-ს მატჩით გაიხსნა ჩემპიონთა ლიგის სეზონი და მაშინ ტურინში მასპინძლებმა 3:1 მოიგეს. „იუვეს“ ახლა ბევრად გაუჭირდა. ტიაგო მოტას გუნდი პირველ ტაიმში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, რაც მხოლოდ ერთ გოლში ასახა, რომელიც ვესტონ მაკკენიმ გაიტანა. მეორე ნახევრის სტარტზე პსვ-მ პირველივე სახიფათო იერიში გოლით დაასრულა, რომელიც ივან პერიშიჩის აქტივშია. „იუვენტუსს“ ამის შემდეგ ძალიან გაუჭირდა, მაგრამ გამარჯვების გოლი მაინც გაიტანა. 82-ე წუთზე სამუელ მბანგულამ ახლო მანძილიდან აიღო მეტოქის კარი - 2:1. რა თქმა უნდა, ეს ანგარიში „ფილიპს არენაზე“ არაფრის გარანტიაა და ამ წყვილში ყველაფერს საპასუხო შეხვედრა გადაწყვეტს.

„მანჩესტერ სიტი“ – „რეალი“ 2:3 (1:0)

გოლები: 1:0 ჰოლანდი (19), 1:1 მბაპე (60), 2:1 ჰოლანდი (80, პენ), 2:2 დიასი (86), 2:3 ბელინგემი (90)

„სპორტინგი“ – „დორტმუნდი“ 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 გირასი (60), 0:2 გროსი (68), 0:3 ადეიემი (82)

„იუვენტუსი“ - პსვ ეინდჰოვენი 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 მაკკენი (34), 1:1 პერიშიჩი (56), 2:1 მბანგულა (82)

0.118407