„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა, ხვიჩა კვარაცხელია კი, ამ ტურნირზე 11 თვის შემდეგ დაბრუნდა.
ლუის ენრიკეს გუნდი დიდებულ ფორმაში შევიდა, ბოლო დროს მეტოქეებს ანადგურებს, 1/16-ფინალის პირველ მატჩშიც არ გასჭირვებია „ბრესტის“ წინააღმდეგ, რომელსაც 10 დღის წინ ლიგა 1-ში აჯობა გასვლაზე 5:2, ახლაც ნაკლები დღე არ აყარა.
ბრწყინავს უსმან დემბელე, რომელმაც ზედიზედ ორი ჰეთ-თრიქის შემდეგ, ზედიზედ მეორე დუბლი შეასრულა. ფრანგი შემტევის შეჩერებას ჯერჯერობით, ვერავინ ახერხებს.
„ბრესტთან“ მატჩში ანგარიში 21-ე წუთზე პენალტით ვიტინიამ გახსნა, ხოლო ტაიმის მიწურულს დემბელემ სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ნახევარში უსმანემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ხვიჩა კვარაცხელია არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მხოლოდ 67-ე წუთზე, დეზირ დუეს ნაცვლად ჩაერთო თამაშში, როცა პსჟ-ს სამი გოლი უკვე გატანილი ჰქონდა. კვარამ ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა. მას პსჟ-ს მაისურით ხუთ მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში.
პსჟ-სა და „ბრესტის“ საპასუხო მატჩი, რომელიც აბსოლუტურად ფორმალური ხასიათის იქნება, 19 თებერვალს, პარიზში გაიმართება. მანამდე ლუის ენრიკეს გუნდი ლიგა 1-ში „ტულუზს“ დაუპირისპირდება.
აქვე ვთქვათ, რომ მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ „ბარსელონას“ ან „ლივერპულის“ წინააღმდეგ მოუწევს თამაში, ეს 21 თებერვალს, წილისყრით გაირკვევა.