საქართველოს სამი ქალაქი: ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს მასპინძლობს. ტურნირის ფარგლებში ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის 8 სახეობაში - 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი იმყოფება. საქართველო კი სამ სახეობაში 8 მონაწილით გამოდის.
ბაკურიანი 2025-ის მიმართ საერთაშორისო დაინტერესება დიდია. უცხოელი დამკვირვებლები ტურნირს ყოველი საშეჯიბრო დღის ბოლოს აჯამებენ და როგორც ინფრასტრუქტურით, ასევე საორგანიზაციო კუთხით კმაყოფილი არიან.
დღეს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა ქართულ და საერთაშორისო მედიასთან ონლაინ პრესკონფერენცია გამართა. მან საქართველოში არსებულ ინფრასტრუქტურაზე, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობაზე, ტურნირის მიმდინარეობასა და სხვა და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
"ახალგაზრდული ფესტივალი ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, აძლევს შესაძლებლობას განავითაროს ზამთრის სპორტის სახეობები. ბაკურიანის მსგავსი ადგილის განსავითარებლად, სადაც მომავალ მსოფლიო თასები და მსოფლიო ჩემპიონატები ჩატარდება. მშვენიერი ადგილია და საქართველო ზამთრის სპორტის რუკაზე უკვე მოინიშნა.
ამ ღონისძიებების კარგად მასპინძლობა ქართველ სპორტსმენებს საშუალებას მისცემს, ნახონ რას აკეთებენ სხვა ქვეყნები და რა სჭირდება ჩემპიონობას. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. შესანიშნავი მასპინძლები ხართ. ორგანიზატორები და მოხალისეები, რომლებსაც ყოველდღე ვხედავთ, სულ იღიმიან. ასეთ რამეს ბევრგან ვერ ნახავ, მათ შორის უფრო დიდ ტურნირებზე.
ჩამოსულ სპორტსმენებს უხარიათ ის პირობები რაც აქვთ. გამოსარჩევია ქართული საკვები და სპორტსმენთა სოფლის პირობები. საქართველოში ორი წლის წინ ვიყავი და მაშინ ჯერ კიდევ მშენებლობა მიმდინარეობდა, ახლ კი უმაღლესი დონის სპორტული ობიექტები გაქვთ. ეს ნიშნავს, რომ მეტი ადამიანი შეძლებს ზამთრის სპორტით სარგებლობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, ზოგიერთი მათგანი კი მომავალში ჩემპიონიც გახდება, რომლითაც ქვეყანა იამაყებს.
საქართველოს შეუძლია ზამთრის სპორტის განვითარება. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას შეძლებთ. თქვენ იამაყებთ არა მხოლოდ თქვენი ძიუდოისტებით და მოჭიდავეებით, არამედ ზამთრის სპორტითაც.
ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ხვალ ბათუმში, ფიგურულ სრიალში ქართველი სპორტსმენი ჩაერთვება. ის ერთ-ერთი ლიდერია. ვხედავთ, რომ ქართველები ასპარეზობენ ბიატლონში, ალპურ თხილამურებში და ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით უფრო და უფრო ვითარდება", - აღნიშნა კაპრალოსმა.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალი ოფიციალურად 9 თებერვალს გაიხსნა, თუმცა ჰოკეის ტურნირი როგორც გოგონათა, ასევე ვაჟებს შორის 6 თებერვლიდან მიმდინარეობს. ბაკურიანი 2025-სთვის თბილისსა და ბათუმში ყინულის არენა, ხოლო ბაკურიანში ბიატლონის ტრასა მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველო მე-8 ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადა ჩატარდა. ზაფხულის თამაშებს ჩვენმა ქვეყანამ 2015 წელს უმასპინძლა.
ბაკურიანი 2025 16 თებერვალს საზეიმოდ დაიხურება.