იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში მილანის „ინტერმა“ „ფლორენციის „ფიორენტინას“ უმასპინძლა, რომელიც 2:1 დაამარცხა და „ნაპოლისთან“ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.
„ნერაძური“ 28-ე წუთზე პონგრაჩიჩის ავტოგოლით დაწინაურდა, რომელიც მოჰყვა კუთხურს, რომელიც თავის მხრივ არ უნდა დანიშნულიყო. თუმცა, მსაჯის შეცდომას VAR-ი ვეღარ გამოასწორებდა და გოლი ჩაითვალა. „იებმა“ პირველი ტაიმის მიწურულს როლანდო მანდრაგორას პენალტით გაათანაბრეს და ტაიმი ფრედ დასრულდა.
„ინტერმა“ მაინც მოიგო, მეორე ტაიმის დასაწყისში მარკო არნაუტოვიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ეს გუნდები ოთხი დღის წინ ფლორენციაში შეხვდნენ, სადაც „ფიორენტინამ“ 3:0 მოიგო, ასე რომ, ახლა სიმონე ინძაგის გუნდმა რევანში აიღო.
„ინტერმა“ ამ გამარჯვებით 54 ქულა დააგროვა და უკვე მხოლოდ ქულით ჩამორჩება ლიდერ „ნაპოლის“, ხოლო მომდევნო ტურში 16 თებერვალს, „იუვენტუსს“ სტუმრად შეხვდება. „ფიორენტინა“ 42 ქულით მეექვსე ადგილზეა, შემდეგ შეხვედრას შინ „კომოსთან“ გამართავს.