ფეხბურთი

0:20 | 10.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წინსვლა გავაგრძელოთ"

„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „რეიმსთან“ გოლის და მატჩის (4:0) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ახალ მწვრთნელს, პაულუ ფონსეკას თავისი სტილი აქვს, რომელსაც გუნდი ნელ-ნელა ეგუება და უკეთ თამაშობს.

„ვიცი, სად აპირებდა პასის გაკეთებას, რადგან მატჩის წინ და ვარჯიშებზეც ამაზე ვისაუბრეთ. შორეული ძელისკენ გავიხსენი და ბურთს ფეხი დავუხვედრე. იდეალური მატჩი ჩავატარეთ, გოლი არ გავუშვით, ოთხი გავიტანეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ. საბოლოო ჯამში, ბედნიერები ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაგრძელოთ მატჩების მოგება და სატურნირო ცხრილში წინსვლა.

ნამდვილად არ ყოფილა ზეწოლა ბოლო მატჩების გამო, რა თქმა უნდა, გვინდოდა წინა 7 მატჩში მოგება, რთულ მომენტში ვიყავით, მაგრამ ვიცოდით, რომ ქულები გვჭირდებოდა. დღეს ეს მოვახერხეთ, სახლში სამი ქულა ავიღეთ.

ახალი მწვრთნელით განსხვავებულად ვთამაშობთ, უფრო მეტად გვაქვს ბურთი და თავს გუნდურად ვიცავთ. ყველაფერი უმჯობესდება და ეს კარგია მომავლისთვის. მწვრთნელს თავისი სტილი აქვს და ადაპტაციას კარგად გავდივართ. კვირის განმავლობაში ვმუშაობთ თამაშის ხარისხზე.

არ ვიყავი იმედგაცრუებული, რომ მატჩის ბოლომდე გოლი არ მქონდა გატანილი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის სჯერა გოლის გატანის. ბოლო წუთამდე შანსი არ მქონა, ერთი მივიღე და უნდა გამეტანა, რაც მოვახერხე.

მესამე გოლზე ჩემი მოქმედება? ვცდილობ თანაგუნდელებს სივრცე შევუქმნა, სიღრმეში ვითამაშო. სწორედ ამას გვთხოვს მწვრთნელი ჩვენ, თავდამსხმელებს. კარგია, რომ ბოლოს გოლით დავჯილდოვდი“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში მეცხრე გოლი გაიტანა. გიორგის გოლების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: 5 გოლი ლიგა 1-ში, 2 გოლი საფრანგეთის თასზე და 2 გოლი ევროპა ლიგაზე.

„ლიონი“ ლიგა 1-ში 21 ტურის შემდეგ 33 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 16 თებერვალს, „მონპელიეს“ ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ „ლიონმა“ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

0.118388