რაგბი

12:11 | 10.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ‘გორი’ ლიდერობას დაუმარცხებლად აგრძელებს

პირველი ლიგის მე-12 ტური არასრული გამოდგა. ბაკურიანში, შუა სასეზონო შეკრებაზე მყოფი წყალტუბოს ‘დინოზავრის’ მოთამაშეთა ნახევარზე მეტი ვირუსული გრიპით დაინფიცირდა, რის გამოც ორგანიზატორებს დებულების თანახმად ‘დინოზავრი’-‘ვეფხვების’ მატჩის გადადება მოუხდათ. ლიგის ორივე გადადებული შეხვედრა (ასევე ‘მათე’-‘აკადემია’) კალენდრით გათვალისწინებულ პირველივე „ფანჯარაში“ გაიმართება.

ერთპიროვნულმა ლიდერმა ‘გორმა’ პირველობის მე-12 შეხვედრაც მოიგო და დაუმარცხებლად მყოფი შიდა ქართლელები მდევარ ‘წიქარას’ 15 ქულით აღემატებიან. უთამაშებლობის მიუხედავად, პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ 36 ქულით ცხრილში მესამე პოზიცია შეინარჩუნა. გარე კახელებს მე-4 ადგილზე მყოფი ‘რუსთავი’ 2 ქულით ჩამორჩება. ‘დინოზავრი’ 30 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა და პლეი ოფის დასკვნით, მე-6 პოზიციაზე მყოფ ‘ლოკომოტივს’ 2 ქულით უსწრებს.

ჭიათურის ‘მათემ’ 22 ქულა დააგროვა, მე-7 პოზიცია გაიმყარა და პლეი ოფში მოხვედრის შანსიც შეინარჩუნა. ‘ფოთმა’ 15 ქულით მე-8 ადგილზე აინაცვლა და 12 ქულის მქონე ოზურგეთის ‘არწივები’ სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა, პლეი აუტის ადგილზე დააქვეითა. პირველი ლიგის რეესტრის დასკვნით საფეხურს კი 4 ქულით ‘აკადემია-ლაშარი’ იკავებს.

ლიდერი ‘გორი’ ქვეყნის 10-გზის ჩემპიონ ‘ლოკომოტივს’ მშობლიურ ჭალის დასახლებაში დაუპირისპირდა. „რკინიგზელებმა“ ლიდერს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მატჩის მსვლელობისას 12 ქულიანი უპირატესობა გაუბათილეს და მეორე ტაიმის დებიუტშიმარქაფადან ჩართული ბურჯის ნიკა ცოფურაშვილის გარდასახული ლელოთი ანგარიშში 9 ქულით დაწინაურდნენ.

გორელთა დამრიგებელმა გიორგი ჭინჭარაულმა რამდენიმე დროული ცვლილება განახორციელა, რამაც შიდა ქართლელებს გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანა. მარქაფადან ჩართულმა ფრთა ჯაბულანი მკულვანმა „დუბლი“ შეასრულა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ასევე შეცვლაზე შესული მასპინძელი მღლეტელის გიორგი ქობალიას დადებული ლელოთი დაფიქსირდა. ‘გორმა’ მთლიანობაში მეტოქეზე 2-ით მეტი, 5 ლელო გაიტანა და ამჯერზე პრემიალური ქულის გარეშე იმარჯვა - 34:19.

‘რუსთავი’-‘წიქარას’ ტურის გამორჩეული შეხვედრა „ხარები არენაზე“ გაიმართა. ქვემო ქართლელებმა მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა უპირატესად პირველ ტაიმში გაუწიეს. სტუმართა ბურჯ გიორგი ტყეშელაშვილისა და ჰავბეკ გიორგი კურტანიძის დადებულ ლელოებს, ‘ხარების’ მგეზავმა გიორგი ჭავჭავაძემ 1 საპასუხო ლელო შეაგება, რამაც შესვენების წინ ‘წიქარა’ 7-ქულიან უპირატესობას დააჯერა.

მეორე ტაიმში ტემპმა და შედეგიანობამ იმატა. ორივე გუნდი ხელდახელ, სწრაფ თამაშს ეშურებოდა, სადაც ‘წიქარას’ უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახდა. გიორგი კურტანიძემ და მისმა თანაგუნდელმა ფრთა ნიკოლოზ ნოქარაშვილმა „დუბლი“ გაიფორმეს. მასპინძელთა მხრიდან კი წყვილი ლელოს დადება გიორგი ჭავჭავაძემ მოახერხა. ‘წიქარამ’ მთლიანობაში ქვემო ქართლელებს 4-ით მეტი, 7 ლელო გაუტანა და პირველი წრის მსგავსად, ამჯერზეც პრემიალური ქულით იმარჯვა - 41:22.

გურულებმა მოედნის სათანადოდ მოწყობა მოასწრეს და ‘არწივები’ ჭიათურის ‘მათეს’ ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე დაუხვდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დრამატული ფინალით დასრულდა. გურულთა ლეგიონერი მარბიელის კერესონი დელაივუნას შესრულებული „დუბლისა“ და ფულბეკ ბაჩანა ძოძუაშვილის გატანილი ჯარიმით, მეორე ნახევრის შუაწელს მასპინძლები ანგარიშში მინიმალური სხვაობით დაწინაურდნენ.

‘მათე’ გააქტიურდა და შუამარბ მერაბ ცერცვაძის გარდასახული ლელოთი წინ 6 ქულით გაიჭრა. შეხვედრის ბოლო წუთზე ‘არწივებმა’ მეტოქის 5-მეტრიანთან საკუთარი დერეფანით ვერ იხეირეს და მხოლოდ ნუგეშ-ქულას დაჯერდნენ. ‘მათემ’ მასპინძლებზე მთლიანობაში 1-ით მეტი, 4 ლელო გაიტანა და ყველა გარდასახვა ზემო იმერელთა ჰავბეკმა კაპიტანმა გიგა ცაგურიამ ზუსტად შეასრულა. ‘მათემ’ დრამატულ ბრძოლაში 28:22 მოიგო.

ლიგაში დარჩენაზე მებრძოლი გუნდების ‘აკადემია-ლაშარი’-‘ფოთის’ შეხვედრა „რაგბი პლატოზე“ გაიმართა. კოლხები პირველივე წუთებიდან მოპოვებულ უპირატესობას მეთოდურად აღრმავებდნენ და საბოლოოდ „მხატვრებს“ 5-ით მეტი, 7 ლელო დაუდეს. აღსანიშნავია, რომ 7-ივე ლელო ფოთელთა სხვადასხვა მოთამაშის ანგარიშზეა. კოლხთა წარმატებას სათავე ფრთა ლევან ბარკავას გატანილმა ლელომ დაუდო, წერტილი მარქაფადან ჩართული მგეზავის ირაკლი სასანიას დადებულმა ლელომ დაუსვა. კოლხთა ძირითადმა მგეზავმა ბლეიქ დიდერიქსმა კი 5 გარდასახვა გამოიყენა და 2 ჯარიმაც ძელებს შუა ზუსტად გაატარა. ‘ფოთმა’ 8-მატჩა მარცხიანი სერია დაასრულა და „მხატვრებს“ პრემიალური ქულით სძლია - 51:15.

RUGBY.GE

0.116088