სუპერლიგის მე-13 ტური დაძაბული და საინტერესო მატჩით დასრულდა. ვიქტორ სანიკიძის აკადემიის (ვსა) გუნდმა ბათუმში ბოლო წამებზე, 76:75 იმარჯვა და დაკარგული ქულებით სუპერლიგაში გალიდერდა. რეალურად ვსა მეორე ადგილზეა, რადგან პირველზე მყოფ თსუ-ზე ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა დაკარგული ქულებით ვსა თსუ-ს უსწრებს. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ვსა-ზე ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და ერთით მეტი მარცხი აქვს. შესაბამისად, პოტენციური ლიდერი ვსა-ა, რომელსაც 11 მატჩი 8 მოგება და 3 მარცხი აქვს.
მოგებაცაა და მოგებაც. ვსა მესამე პერიოდში 17 ქულით აგებდა. სტუმართა მწვრთნელმა, დავით ნოზაძემ წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც ვსა-მ 10:0 გაქცევა მოაწყო და თამაშში დაბრუნდა. მთავარი ბრძოლები ბოლო პერიოდში გაიმართა. ვსა-მ განაგრძო შედეგიანი თამაში და ანგარიში ბოლო პერიოდის შუაწელში გაათანაბრა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლუკა კალატოზიშვილის 3-ქულიანის შემდეგ ბათუმი 65:62 გალიდერდა, რის შემდეგაც ანზორ ნადირაძის ჯერი დადგა. ვსა-ს ფორვარდმა შეხვედრის ბოლო 5 წუთში ვსა-ს მიერ მოგროვებული 14 ქულიდან 11 საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა. ნადირაძემ 3 სამქულიანი და 1 ორიანი ჩააგდო, 1 სამქულიანიც ჯერმეინ ჰედის ანგარიშზეა.
ბოლო სამიანით ნადირაძემ ვსა საფინალო სირენამდე 33 წამით ადრე 76:75 დააწინაურა. ბოლო შეტევა მთლიანად ბათუმმა წარმართა, რადგან დაცვაში მყოფი ვსა ორჯერ დაჯარიმდა და შესატევად განკუთვნილი დრო ბათუმელებს დაემატათ. აჭარული გუნდი ბოლო წამამდე ცდილობდა, მაგრამ გადამწყვეტი სროლის შესრულება ვერ მოახერხა – ვსა-ს დაცვამ მაგრად იმუშავა და გამარჯვება გამოჭედა – 76:75 (სტატისტიკა).
სუპერლიგაში ახლა სანაკრებო ფანჯრის გამო შესვენებაა, რისი დასრულების შემდეგაც თასის მეოთხედფინალური სერიის საპასუხო მატჩები გაიმართება. სუპერლიგა 28 თებერვალს, მე-14 ტურით გაგრძელდება.
GBF.GE