ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურში „ვალენსიამ“ „ლეგანესი“ 2:0 დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
პირველივე ტაიმში კრისტიან მოსკერამ და მუხტარ დიახაბიმ დალაშქრეს მეტოქის კარი და შემდეგ მასპინძლებმა უპირატესობა შეინარჩუნეს.
გიორგი მამარდაშვილმა სეზონში მეხუთედ შეძლო კარის მშრალად შენახვა და გამარჯვებაში საკმაოდ წვლილი შეიტანა, რადგან 4 მოგერიება ჰქონდა.
„ვალენსიამ“ ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ მოიგო, კონკრეტულად „მესტალიაზე“ ზედიზედ მესამედ, ხოლო ბოლო ოთხ ტურში 9 ქულა მოიპოვა.
„ვალენსია“ 22 ქულით მე-18 ადგილზეა, ჯერ ისევ გასავარდნ ზონაში, მაგრამ მხოლოდ ქულა აშორებს გადასარჩენ ზონას. მომდევნო ტურში კარლოს კორბერანის გუნდი 15 თებერვალს, „ვილიარეალს“ გასვლაზე დაუპირისპირდება.