საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში „ლიონმა“ „რეიმსი“ 4:0 გაანადგურა და მოუგებელი სერია შეწყვიტა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა.
ქართველ ფეხბურთელს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ ნდობა გამოუცხადა, შეუცვლელად ათამაშა და გიორგიმაც გოლი გაიტანა. მიქაუტაძემ თავი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მანამდე გოლები ნიკოლას ტალიაფიკომ, კორენტინ ტოლისომ და რაიან შერკიმ გაიტანეს.
მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში მეცხრე გოლი გაიტანა. გიორგის გოლების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: 5 გოლი ლიგა 1-ში, 2 გოლი საფრანგეთის თასზე და 2 გოლი ევროპა ლიგაზე.
„ლიონი“ ლიგა 1-ში 21 ტურის შემდეგ 33 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 16 თებერვალს, „მონპელიეს“ ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ „ლიონმა“ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.