NBA-ში „ორლანდო მეჯიქმა“ „სან ანტონიო სპურსს“ უმასპინძლა, რომელიც აძაბულ ბრძოლაში, 112:111 დაამარცხა, მაგრამ ქართული დუელი არ შედგა.
ამ შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ გოგა ბითაძემ მიიღო, სანდრო მამუკელაშვილს კი არ უთამაშია.
ბითაძემ პარკეტზე 26 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში მან თავი 2 ქულით, 9 მოხსნით და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. გოგამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ფრიც ვაგნერი გამოდგა, რომელმაც 33 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი დააგროვა.
„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 26 მოგებით და 28 წაგებით მერვე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს, „ატლანტა ჰოუქსთან“ შინ გამართავს, ხოლო „სან ანტონიო“ 22 მოგებით და 28 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 საფეხურზეა და წინ 11 თებერვალს, „ვაშინგტონთან“ საგარეო თამაში ელოდება.