სუპერლიგის მე-13 ტური დღეს თბილისსა და გორში დაიწყო. თბილისი არენაზე 2 მატჩი ჩატარდა, რომელთაგან პირველში ერთმანეთს “ამრა გაგრა” და ზესტაფონის “მარგვეთი” დაუპირისპირდნენ. დეიან პროკიჩის გაწვრთნილ ამრას გამარჯვება საიმისოდ სჭირდება, რომ სუპერლიგაში დარჩენის საკითხი რაც შეიძლება, ადრიანად, სათავისოდ გაარკვიოს. გაგრელებს 4 გამარჯვება აქვთ და ამ შედეგით სუპერლიგაში მხოლოდ ტყიბულის “ორბს” სჯობნიან.
ამრას მეტოქე მარგვეთი კი სუპერლიგის ლიდერთა შორისაა. იმერულმა კლუბმა მეორე წრის პირველი მატჩი შინ “ბათუმთან” წააგო და მორიგი მარცხი ცხრილის შუაში დაძირავდა. მარგვეთის მოთამაშეებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს და საწადელს მიაღწიეს. მარგვეთმა შეხვედრა დამაჯერებლად – 86:68 (სტატისტიკა) მოიგო და 7 მოგებითა და 6 მარცხით ცხრილის მე-2 საფეხურზე დამკვიდრდა.
გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო აკოლ მავეინმა, რომელმაც 31 ქულა, 14 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 14-დან 12 ორქულიანი ჩააგდო, რაც სამწამიან ზონაში მის დომინაციაზე მიუთითებს. მის კვალზე 11-11 ქულა დააგროვეს სანდრო სანაძემ, კრისტიან ჯონსმა და მალიკ მარტინმა. ამრაში კი საუკეთესო ლუკა მაზიაშვილი გახლდათ, რომელმაც 27 ქულა მიითვალა.
სუპერლიგაში ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო თსუ-მ, რომელიც ამ უიღბლო სერიამდე 8-დან 8 მოგებით ერთპიროვნული ლიდერი გახლდათ. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ამჯერად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან წააგო, რომელსაც ამ შეხვედრამდე 4 მოგება ჰქონდა და ცხრილის აუტსაიდრად ითვლებოდა. შარშანდელი ფინალისტი, რომელმაც ნახევარფინალიდან სწორედ თსუ გააგდო, ამჯერადაც მოგებული გამოვიდა.
კსუ-მ გამარჯვება ბოლო წუთებზე შედეგიანი თამაშის წყალობით მოიპოვა. თამაშის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები რჩებოდა, როცა თსუ 11 ქულით – 76:65 იგებდა, თუმცა შეხვედრა საბოლოოდ 82:87 (სტატისტიკა) დათმო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ თსუ-ს თავის გასასამართლებელი საკმარისად აქვს – 4 წამყვანი მოთამაშე – გიორგი ცინცაძე, ალექსანდრე ფევაძე, ოთარ ფხაკაძე და ვილი ისიანი აკლდა. დარჩენილ დროში სახელმწიფო უნივერსიტეტელებმა ლიდერობა ვერ შეინარჩუნეს – გიორგი ტურძილაძის, ლევან გოგიჩაიშვილის, შამარ რაითისა და რობ პერის ქულებით კავკასიელებმა ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოიპოვეს.
დაბოლოს ყველაზე დაძაბული მატჩი, რომელიც გორში, ადგილობრივ ივერიონსა და სუპერლიგის აუტსაიდერ ტყიბულის ორბს შორის გაიმართა. 2 გამოკვეთილი აუტსაიდერია, რომელსაც მხოლოდ 2 მოგება აქვს და თითოეულ მატჩს ახლა მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, “ა” ლიგაში რომ არ დაქვეითდეს.
ივერიონს 2 წამყვანი მოთამაშე – ოსტონ ჩატმანი და ნიკა ჩეჩელაშვილი აკლდა, ორბი კი ამერიკელი ახალწვეულებით იყო გაძლიერებული და ბოლომდეც იბრძოლა. რამდენჯერაც ივერიონი დაწინაურდა, ორბი იმდენჯერ წამოეწია. ბოლო წუთებზე ტყიბულელებმა კიდევ ერთხელ გააბათილეს ჩამორჩენა და გადამწყვეტ მომენტში არ გაუმართლათ. ბოლო წუთზე ფარქვეშიდან ბარე 5-ჯერ ააცილეს ბურთი და საბოლოოდ 2 ქულით – 83:85.
გორელებს გამოკვეთილად შედეგიანი მოთამაშე არ ჰყოლიათ. ვინც მოედანზე იყო ყველამ იბრძოლა და ქულებიც მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა. 19 ქულით ბომბარდირი გახდა რეჯი მესიდორი, საერთო სარგებლიანობით კი საუკეთესო იყო 13 ქულისა და 9 მოხსნის მიმთვლელი ჯეი პალი. ტყიბულელთაგან 27 ქულით რიკი კლემონსი გამოირჩა, ყველაზე შედეგიანი კი დონდრე რედიკი გახლდათ – 22 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი.
სუპერლიგის მორიგი ტური კვირას, 2 მატჩით დასრულდება. გურჯაანში “დელტა” “რაშს” უმასპინძლებს, ხოლო “ბათუმი” ვსა-ს მიიღებს.
GBF.GE