„მონაკოს“ მთავარმა მწვრთნელმა ადი ჰუტერმა საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის შემდეგ (1:4) ჟურნალისტებს მეტოქეზე აზრი გაუზიარა.
„ეს არის პსჟ-ის საუკეთესო ვერსია, რაც მინახავს. ისინი შთამბეჭდავი და აშკარად უკეთესები იყვნენ. უკვე წელიწადნახევარია, რაც „მონაკოში“ ვარ და შესაძლოა, მათ დრო დასჭირდათ ტაქტიკისა და თამაშის სტილის შესაქმნელად. მომწონს ლუის ენრიკეს საფეხბურთო ხედვა.
„ინტერის“ მსგავსად, რომელსაც ჩვენ ვთამაშეთ, პსჟ არის ჩემპიონთა ლიგის მოგების სერიოზული პრეტენდენტი. პარიზული კლუბი ალბათ ევროპის საუკეთესო გუნდია ამ მომენტში. მათი თვისებები, განსაკუთრებით შეტევაში, საშიშია ნებისმიერი გუნდისთვის“, - ციტირებს ჰუტერის სიტყვებს Le Parisien.
12 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში „მონაკო“ პორტუგალიურ „ბენფიკას“ დაუპირისპირდება. წინა დღეს კი პსჟ სტუმრად „ბრესტს“ გაეჯიბრება.