ფეხბურთი

10:25 | 9.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "აქ იმისთვის ვარ, რომ "ნაპოლი" განვავითარო, დანარჩენი სისულელეა"
"50-60-100 მილიონიანი ტრანსფერები თვალებში ნაცრის შეყრაა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანია გუნდი გააუმჯობესოს და როცა წავა, იმაზე მაღალ დონეზე დატოვოს, ვიდრე მოსვლის მომენტში დახვდა.

„ყოველთვის, სადაც ვმუშაობდი, ვცდილობდი, გუნდი გამეუმჯობესებინა და იგივე პრინციპით ვმუშაობ „ნაპოლიში“, ეს არის ჩემი მიზანი. ფაქტია, რომ სადაც ვიმუშავე, ყველა გუნდი გაიზარდა, ყველა თვალსაზრისით. როცა „ნაპოლიდან“ წავალ, მინდა, რაღაც უკეთესი დავტოვო, ვიდრე მოსვლისას დამხვდა.

კლუბი უნდა გაიზარდოს, გვინდა, მთელი სეზონის განმავლობაში კონკურენტუნარიანი ვიყოთ. ჩვენ ასევე, ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში გვჭირდება, საჭიროა სპორტულ ცენტრში ინვესტიციაც, არა მხოლოდ ფეხბურთელებში. უნდა შევქმნათ ახალგაზრდული სექტორი, რომელიც დღეს არ არსებობს. აქ ვარ ჯოვანი მანას და დე ლაურენტისის ოჯახის მხარდასაჭერად. აქ იმისთვის ვარ, რომ კლუბი გავაუმჯობესო, შევქმნა ის, რაც დროთა განმავლობაში გაგრძელდება, დანარჩენი სისულელეა. ბედნიერი და კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ბიჭებთან ერთად ვაკეთებთ.

50-60-100-მილიონიანი ტრანსფერები თვალებში ნაცრის შეყრაა, არ მინდა 100-ევროიან რესტორანში 10 ევროთი ჯდომა. ეს არასდროს გამიკეთებია და არც გავაკეთებ. სხვათა შორის, როცა ამაზე ვიხუმრე (ჯერ კიდევ „იუვენტუსში“ მუშაობისას თქვა ეს ფრაზა - რედ), ეს სიმართლე იყო. არ მესმის, რატომ ვასოცირდები ამ ფრაზასთან, ეს უსიამოვნო შეკითხვაა“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 54 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 3 ქულით უსწრებს.

0.125672