თბილისში, სასტუმრო „ბილტმორის“ კონგრეს ჰოლში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქალთა და ვაჟთა შორის ქვეყნის ჩემპიონატი ტარდება.
ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობენ ქვეყნის წამყვანი მოჭადრაკეები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონობისთვის და ევროპის ჩემპიონატის სამი საგზურისთვის იბრძვიან.
„ორივე ჩემპიონატი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართება და თითოეული შეჯიბრის საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენს.
ქალთა ასპარეზობას განსაკუთრებულ ელფერს მატებს მსოფლიოს წამყვანი ქართველი მოჭადრაკეების ასპარეზობა: ნანა ძაგნიძე – 2017 წლის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული; მსოფლიო ტოპ- შვიდეულის წევრი წლების განმავლობაში.
მერი არაბიძე – მსოფლიოს 2015 და 2023 წლების გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული. ევროპის 2023 წლის ჩემპიონი.
ბელა ხოტენაშვილი – მსოფლიოს 2015 და 2023 წლების გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული.
ასევე ევროპის და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების გამარჯვებულების და პრიზიორების მონაწილეობა, რომელთა შორის არიან: ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე, მარიამ ცეცხლაძე და მარიამ კალანდაძე.
ვაჟთა ჩემპიონატის მონაწილეთა შორის არიან, ევროპის გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები:მიხეილ მჭედლიშვილი და მერაბ გაგუნაშვილი.
ევროპის და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები სხვადასხვა წლებში: მიხეილ მჭედლიშვილი,მერაბ გაგუნაშვილი, ლევან ფანცულაია, ლუკა პაიჭაძე, ნიკოლოზ კაჭარავა და ნიკოლოზ პეტრიაშვილი.
5 ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ჩემპიონატს 5 გამარჯვებით ნანა ძაგნიძე ლიდერობს. ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება მერი არაბიძე, ხოლო მესამე ადგილზე 3,5 ქულით ბელა ხოტენაშვილი იმყოფება.
ვაჟთა ჩემპიონატს 5 ტურის შემდეგ ასევე ერთპიროვნულად ლიდერობს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ლევან ფანცულაია, ერთი ქულით ნაკლები აქვს მეორე ადგილზე მყოფ გიგა ყუფარაძეს.
საქართველოს ჩემპიონატის პარტიების პირდაპირი ჩვენება მიმდინარეობს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო საჭადრაკო სერვერებზე და საჭადრაკო სამყარო დიდი ინტერესით ადევნებს თვალს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
interpressnews.ge