ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა რანდალ კოლო მუანიმ იტალიური კლუბში თამაში შესანიშნავად დაიწყო და რეკორდიც დაამყარა.
ის სამქულიან ერაში (1994-1995 წლების სეზონიდან) „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საწყის სამ მატჩში მოედანი უგოლოდ არ დატოვა. გარდა ამისა, ამავე პერიოდში, მთლიანად იტალიის ჩემპიონატში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საწყის სამ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.
„დღეს მთავარი გამარჯვება იყო. ნამდვილად ბედნიერი ვარ, ჩემთვის ოცნება იყო „იუვენტუსში“ თამაში და ასეთი კარგი დასაწყისი“, - თქვა „კომოსთან“ მატჩის (2:1) გმირმა.
„იუვემ“ რანდალ კოლო მუანი პსჟ-დან მშრალი იჯარით სეზონის ბოლომდე დაიმატა, მაგრამ ნიკოლო სკირას ცნობით, ტურინელები უკვე იწყებენ მუშაობას, რომ პარიზულ გუნდს ზაფხულისთვის ფეხბურთელის ტრანსფერზე მოურიგდნენ.
რანდალ კოლო მუანიმ „ნაპოლისთან“ ერთი, ხოლო „ემპოლისა“ და „კომოს“ წინააღმდეგ 2-2 გოლი გაიტანა.