ევროლიგის 26-ე ტურში „ვირტუს ბოლონია“ საკუთარ მოედანზე „პარიზთან“ დაძაბულ ბრძოლაში 77:83 დამარცხდა.
იტალიური კლუბი ბოლო პერიოდის წინ 6 ქულით იგებდა, მაგრამ დასკვნითი მეოთხედი 12 ქულით დათმო და საბოლოოდ, მარცხიც განიცადა.
თორნიკე შენგელია თავის გუნდში ისევ საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 29 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. შენგელიამ 11-დან 7 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია. თორნიკეზე შედეგიანი მოედანზე მხოლოდ „პარიზის“ კალათბურთელი ნადირ ჰიფი იყო, რომელმაც 23 ქულა მიითვალა.
„ვირტუსი“ ევროლიგაში 7 მოგებით და 19 წაგებით მე-16 ადგილზეა, 28 თებერვალს კი, „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს.